Evan Spiegel, Snapchat-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს:

’’იმ პერიოდში, როცა ადამიანებს უჭირთ სახლში გაჩერება, ჩვენ გადავწყვიტეთ სარეკლამო პლატფორმა გავხდეთ მათთვის, ვინც აწარმოებს პროდუქტებს, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, რათა შეუმსუბუქდეს სახლში ყოფნა. ჩვენ ვეხმარებით ასეთ ბრენდებს, რომ მიწვდნენ თავიანთ სამიზნე აუდიტორიას  Snapchat-ის პლატფორმის საშუალებით.”

ისეთი კინო სტუდიისთვის, როგორიცაა სონი, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Snapchat-თან ურთიერთობა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო იმისთვის, რომ Snapchat-ში განთავსებულიყო  რეკლამა ფილმისა ‘’Spider-Man: Far from Home’’ (ადამიანი ობობა – სახლიდან შორს). ამ ფაქტის შემდეგ კი კინო სტუდიები აქტიურად თანამშრომლობენ Snapchat-თან, რათა მიწვდნენ სასურველ აუდიტორიას.

გარდა კინო სტუდიებისა, Snapchat-ი მიმზიდველი სარეკლამო პლატფორმა აღმოჩნდა ონლაინ  თამაშების შემქმნელი კომპანიებისთვისაც, რადგან მარკეტერებს უჭირდათ დაკავშირებოდნენ მილენიანელებსა და თაობა Z –ს, რომლებიც იშვიათად უყურებენ ტელევიზორს. მოცემულ პერიოდში გაიზარდა ონლაინ თამაშების აპლიკაციების გადმოწერა, მაგრამ საჭირო იყო კიდევ ზუსტი საკომუნიკაციო არხის გამოყენება, რომელიც მიწვდებოდა სამიზნე აუდიტორიას და ამ რთულ პერიოდში ონლაინ თამაშების მოყვარულებს დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარებოდა. Snapchat-ზე მათთვის განთავსებულია თამაშის მოკლე ვერსია და მიწოდებულია აპლიკაციის ლინკი, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ სასურველი თამაშის გადმოწერა.

ონლაინ თამაშების ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, Noam Sagie, აცხადებს, რომ Snapchat-ი მას დაეხმარა პოტენციური მოთამაშეების მოძიებასა  და მათთვის თამაშის აპლიკაციის შეთავაზებაში, რამაც გაზარდა კომპანიის  ყოველთვიური შემოსავალი.

Snapchat-ის დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ კომპანიამ დიდი ინვესტიცია ჩადო  ამ სოციალური ქსელის სარეკლამო პლატფორმად ქცევისთვის: მან განავითარა სოციალურ მედიაში კამპანიის მართვის საშუალებები და შექმნა სარეკლამო ფორმატი, რომელიც სპეციალურადაა განსაზღვრული მობილური აპლიკაციებისთვისა და ინტერნეტ ვაჭრობისთვის (E-commerce).

კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში, როცა სოციალური დისტანციის გამო ბევრმა ბიზნესმა შეწყვიტა საქმიანობა, ციფრული რეკლამის სექტორსაც გაუჭირდა.  Snapchat-ის იანვრისა და თებერვლის შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაიზარდა  58 % -თ,  მაგრამ მარტში ის დაეცა 25 %-ით, რადგან ბიზნესებისთვის მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლებიც  მისთვის ძირითად ბაზრებს წარმოადგენენ. გამომდინარე იქედან, რომ ბრენდების სარეკლამო ბიუჯეტი შემცირდა, Snapchat-მა თავად დაიწყო პოზიციონირება, როგორც პირდაპირი გამოხმაურების სარეკლამო პლატფორმამ.

Snapchat-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ წამოწყების შემდეგ  საშუალოდ მისი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლის რაოდენობა 229 მილიონამდე გაიზარდა, რაც 20 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით, როცა მას დღეში საშუალოდ 190 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.

Snapchat-ი ასევე აცხადებს, რომ რეკლამასთან დაკავშირებით, მისთვის სამი მთავარი პრიორიტეტი არსებობს:
  • გაიუმჯობესოს რეიტინგი
  • გაზარდოს გაყიდვები
  • მომხმარებელს მიაწოდოს ინოვაციური სარეკლამო გამოცდილება.

კომპანია ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ბრენდებზე, რომლებსაც გაყიდვები გაეზარდათ სწორედ იზოლაციისა და კარანტინის დაწესების გამო. ასეთი ინდუსტრიებია ონლაინ თამაშები და ონლაინ  ვაჭრობა.

პირდაპირი გამოხმაურების სარეკლამო სივრცეში ნიშის გამოძებნა Snapchat-ს დაეხმარა თავიდან აერიდებინა ეკონომიკური ქვევარდნა, რის წინაშეც დღეს მსოფლიოს მრავალი ცნობილი ბრენდი დგას.
ავტორი: ლალიტა კვიჟინაძე