მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გლობალურ გამოწვევად იქცა, უამრავი ბრენდი, ორგანიზაცია თუ ინდივიდუალური პირი იჩენს კეთილ ინიციატივას პანდემიასთან განსამკლავებლად.

თქვენთვის შევაგროვეთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ცდილობენ ორგანიზაციები საზოგადოების განწყობის ამაღლებას ამ რთულ დროს.

Guinness World Records

იზოლაციასა თუ კარანტინში გასახალისებლად გინესის მსოფლიო რეკორდებმა ყოველკვირეული რეკორდების გამოწვევა – #GWRChallenge შექმნა, რომელიც Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღება  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამოწვევა ყოველკვირეულად იცვლება და რეკორდების დასამყარებლად მხოლოდ საყოფაცხოვრებო მასალების გამოყენებაა საჭირო.

  • მაგალითად, რამდენჯერ აკენწლავ ტუალეტის ქაღალდის რულონს?

ახალი რეკორდსმენების ვინაობა ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება.

ჰარი პოტერი სახლში

მწერალმა J.K. Rowling-მა გამომცემლობებთან – Pottermore Publishing, Bloomsbury, Scholastic და ელექტრონული და აუდიო წიგნების კომპანიებთან – OverDrive, Audible, თანამშრომლობით ჰარი პოტერის მოყვარულებს სასიამოვნო ინიციატივა – „ჰარი პოტერი სახლში“ შესთავაზა.

J.K. Rowling-მა და მისმა გუნდმა გამოაქვეყნეს სპეციალური, ღია ლიცენზია პედაგოგებისთვის, რომლითაც ისინი შეძლებენ თავიანთ მოსწავლეებს ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი ხანგრძლივი, ვირტუალური კითხვის ვიდეო სესიებზე მოასმენინონ.

გარდა ამისა, ჰარი პოტერის პირველი წიგნის აუდიო ვერსია უკვე ყველასთვის უფასოა და ხელმისაწვდომია ექვს – ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და იაპონურ ენებზე.

ინიციატივის ფარგლებში ასევე შეიქმნა ახალი ჰაბი – WizardingWorld.com, სადაც თემატური სტატიები, ვიდეოები, ქვიზები, ფაზლები და სხვადასხვა აქტივობებია თავმოყრილი.

Nike

შექმნილი ვითარების საპასუხოდ, NIKE სპორტსმენებს თავის ციფრულ რესურსებზე აძლევს წვდომას, იმისთვის, რომ ისინი დარჩნენ აქტიურები სახლიდან გაუსვლელად, თვითიზოლაციის დროს.

კონკრეტულად, ბრენდის შეთავაზება მოიცავს სახლში შესასრულებელი ვარჯიშების ციფრულ ბიბლიოთეკას, ასევე, ლაივსტრიმ ტრეინინგებს ნაიკის წამყვან ტრენერებთან ერთად და Made to Play ინიციატივას, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ გარდა უფროსებისა, იზოლაციაში მყოფი ბავშვებიც აქტიურობისკენ წაახალისონ.

Puerto Rico

ორგანიზაცია „აღმოაჩინე პუერტო რიკო“ ტურისტებს კუნძულზე სტუმრობის ნაცვლად სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. სანაცვლოდ კი, საშუალებას აძლევს მათ, რომ კუნძულის კულტურას საკუთარ სახლებში ეზიარონ. ორგანიზაციის შეთავაზება ვირტუალური სალსას ცეკვის, სასმელების მიქსოლოგიისა და ტრადიციული სამზარეულოს გაკვეთილებს მოიცავს.

„აღმოაჩინე პუერტო რიკოს“ აღმასრულებელი დირექტორი Brad Dean იმედოვნებს, რომ ცეკვა და გასტრონომიული სიამოვნება ხელს შეუწყობს ხალხის განწყობის ამაღლებას სახლში ყოფნის დროს.

HBO

HBO სახლში დარჩენილ მაყურებელს უსასყიდლოდ აძლევს წვდომას თავის ზოგიერთ შოუზე, ფილმსა და დოკუმენტური ფილმების სერიებზე.

უფრო კონკრეტულად კი, შეთავაზება მოიცავს The Sopranos, The Wire და Veep უფასო სტრიმინგ სერიებს, ასევე, დოკუმენტურ ფილმებსა და Warner Bros-ის ფილმების საკმაოდ ფართო ასორტიმენტს. პროგრამების ნახვა მაყურებლისთვის HBO NOW-ზე და HBO GO-ზე, გამოწერის გარეშეა შესაძლებელი.

ავტორი: სალომე ქვრივიშვილი