გენდერული სტერეოტიპები სპორტში

სტერეოტიპები ადამიანის ცნობიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ღრმად არის გამჯდარი. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ სპორტი ქალების საქმე არ არის, რადგან ის მოითხოვს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას და ძალას, რომელიც კაცებს უფრო გააჩნიათ. სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი – თეკლა კურდღელია დაინტერესდა შეესწავლა საზოგადოებაში არსებული აღქმები, ასოციაციები და სტერეოტიპები სპორტსმენ ქალებზე.

მთლიანი სურათის დასანახად და პრობლემების სიღრმისეულად შესასწავლად ჩატარდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევა.

თვისებრივი კვლევის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ მიიჩნევენ ქალებს სპორტისთვის შეუფერებლად. საზოგადოების ნაწილის აზრით:
  1. ქალი სუსტი არსებაა და სპორტული აქტივობა არ არის მისი სფერო.
  2. ქალს გაუჭირდება გაუძლოს იმ ფიზიკურ დატვირთვას, რასაც სპორტული აქტივობა მოთხოვს.
  3. ქალმა უნდა მიხედოს ოჯახს და სპორტული აქტივობებისთვის არ დარჩება დრო.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სპორტში ჩასართველად ქალებს სჭირდებათ შემდეგი სახის მოტივაცია:
  1. ფინანსური – „წახალისებები, თუნდაც ფინანსურად, რადგან დაფინასება კაცებს უფრო მაღალი აქვთ და  ყურადღების ცენტრშიც ისინი ექცევიან.“
  2. აქტიური ცხოვრების წესი – „საკუთარი სხეულის სიყვარული, პატივისცემა უნდა შეეძლოთ, უნდა გაითავისონ რამდენი დადებითი მოაქვს აქტიურ ცხოვრებას. ჯანსაღი სხეული ჯანსაღ სულიერებას განაპირობებს… რასაც აკეთებ ის უნდა აკეთო საკუთარი სიამოვნებისთვის.“
  3. მისაბაძი ადამიანი – „საქართველოში, ჭადრაკში ჩვენ გვყავდა მისაბაძი მაგალითი – კუმირი! ალბათ სხვა სახეობებშიც ესე უნდა იყოს. გამოკვეთილი მისაბაძი მაგალითი სჭირდებათ.“
  4. მიზანმიმართული და ეფექტური პიარ კამპანია.

რაოდენობრივ კვლევაში რესპოდენტების დამოკიდებულება გაიზომა ხუთ ბალიანი სკალით.

როგორც მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, რესპოდენტების უმრავლესობა, 46 ადამიანი (34.8%) სრულიად ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ სპორტული აქტივობები მამაკაცებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე ქალებს, ხოლო 17 ადამიანი (12.9%) სრულიად არ ეთანხმება.

რაოდონობრივ კვლევაში ასევე გადამოწმდა თვისებრივი კვლევის დროს გამოვლენილი სტერეოტიპების აქტუალობა. 28,8% ეთანხმება და თვლის, რომ საოჯახო საქმეები საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა ქალებისთვის, 36 (27.3%) ადამიანი ეჭვქვეშ საერთოდ არ აყენებს მოცემულ მოსაზრებას.

კვლევამ ნათლად გვიჩვენა, რომ საზოგადოების აზრი სპორტში გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით ორად იყოფა. თუმცა, ჯერ-ჯერობით სჭარბობს ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქალს არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს ფიზიკურ დატვირთვასა და გარემო ფაქტორებს იმისთვის, რომ გახდეს წარმატებული სპორტსმენი.

სტერეოტიპებისა და ქცევის ცვლილებას დრო სჭირდება. კვლევის ავტორს, თეკლა კურდღელიას მიაჩნია, რომ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის კარგად დაგეგმილი კომუნიკაცია მთავარი გასაღებია.

 

ავტორი: თამარ ხელაძე