Facebook memories, ბევრი წლის წინ – წარმოიდგინეთ?! – ტექსტის შინაარსი გულს ხვდება, ლათინური ასოებით დამახინჯებული ქართული კი თვალს. თქვენც შეამჩნევდით, ხშირად პასუხებს იქ ვპოულობთ, სადაც საერთოდ არ ველოდებით. ახლაც, ამ პოსტმა ერთ მნიშვნელოვან რამეზე დამაფიქრა. ფიქრს კითხვები მოჰყვა, კითხვებს პასუხები და საბოლოოდ, ძალზედ საინტერესო თემას მივადექი.

გაგიკვირდებათ და, ჭეშმარიტ “სიესარზე” მინდა გესაუბროთ. განმარტებებს ასე უხდება, ამიტომ ფორმალური ენით დავიწყოთ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR – Corporate Social Responsibility) გულისხმობს კომპანიის ინიციატივას, ნებაყოფლობითი წვლილი შეიტანოს იმ საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაში, რომელშიც ის ოპერირებს.

შეიძლება არ დამეთანხმოთ, თუმცა, რაც უფრო წარმატებულია კომპანია, მით მეტი ასეთი „ნებაყოფლობითი პასუხისმგებლობა“ აკისრია მას. მეტი თუ არა, ძვირადღირებული მაინც. სამაგიეროდ, წარმატებულთა რიცხვში ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესით ინტერესდებიან, არამედ უფრო ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით საკითხებზე ახდენენ დადებით გავლენას.

რას ვიზამთ, ელვის სისწრაფით იზრდება კონკურენცია და უფრო სწრაფად კომპანიის მიმართ საზოგადოების მოთხოვნები. ამ გაძლიერებული კონკურენციის პირობებში კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად კი ერთი გზა რჩება – აქ პასუხი არც ხარისხია, არც ხელმისაწვდომი ფასი. გაგიკვირდებათ და, აღარც ის თვით აღქმა თუ ემოცია, რომელსაც პროდუქტი ანიჭებს მომხმარებელს. ამ და სხვა შეთავაზებებს კონკურენტებთანაც მრავლად შეხვდებით. პასუხი ჭეშმარიტი “სიესარია”.

მართლაც, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სტრატეგიულად წარმართვის შემთხვევაში, დიდი წარმატების მომტანი შეიძლება იყოს ბიზნესისათვის. მაგრამ აქ არაა საუბარი ერთჯერადად გაღებულ ფულზე – მეტისმეტად მარტივია. თუმცა წლების განმავლობაში, საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად, ქველმოქმედებაში გამოიხატებოდა. ჭეშმარიტ “სიესარში” კი უფრო გრძელვადიან სტრატეგიას ვგულისხმობთ.

რეალურად, კომპანია უნდა ირჩევდეს პრიორიტეტს. ვთქვათ, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ა.შ. ასარჩევ პრიორიტეტებს რა დალევს, მთავარია, არჩევანი კავშირში იყოს კომპანიის ღირებულებებთან და საქმიანობასთან. შემდეგ კი ამ მიმართულებით კომპანიამ უნდა განავითაროს საკუთარი მიდგომა, გრძელვადიანი გეგმა და საქმეს შეუდგეს.

თუმცა რადგან ჭეშმარიტ “სიესარზე” ავლაპარაკდით, ესეიგი, ჭეშმარიტი მაგალითებიც არა ერთი გვინახავს.

წერე ქართულად

ლათინური ასოების თემას დავუბრუნდეთ. კამპანია „წერე ქართულად“ ნამდვილად გემახსოვრებათ. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს კამპანია? „წერე ქართულად“ თიბისი ბანკის წამოწყება იყო, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდა, ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში ინტეგრირებისთვის. რატომ?

თიბისი ბანკისთვის კულტურის მხარდაჭერაა სწორედ ის პრიორიტეტი, ზემოთ რომ ვახსენეთ. სწორედ ამის შედეგია რამდენიმე არტ გალერეა თბილისში, ბათუმსა და სიღნაღში, და დიდი ალბათობით, ყველა ის სახელოვნებო პროექტი, რაც კი უცებ გაგახსენდებათ; ლიტერატურული პრემია საბა, რომელიც აგერ, უკვე 2003 წლიდან ყოველწლიურად წლის საუკეთესო წიგნებს და ავტორებს გვაცნობს; ელექტრონული და ხმოვანი წიგნების ყველაზე დიდი ქართული პლათფორმა და მრავალი სხვა. აქვეა ჩვენთვის, ქართველებისთვის უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობაც – ქართული დამწერლობა.

თიბისიმ დაინახა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქართულ დამწერლობას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ყოველდღიურობაში, საწერად, უმეტესად, ციფრულ მოწყობილობებს ვიყენებთ. ერთ დროს კი ამისთვის ძირითადად, ლათინური ასოები გამოიყენებოდა. მდგომარეობა ჩაურევლად არ გამოსწორდებოდა, ხოლო ქართულ დამწერლობას ადრე, თუ გვიან, სამუზეუმო ექსპონატად ქცევა ელოდა წინ, რაც სულაც არ ჟღერს არარეალურად, თუ ისტორიას გადავხედავთ.

დაიწყეს გაანალიზება, თუ რატომ წერდა ხალხი ლათინურად, და არა ქართულად, მითუმეტეს, რომ დამეთანხმებით, kh, gh  ქართულისთვის არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს. აღმოაჩინეს, რომ ზოგი არ წერდა, მაგრამ უმეტესობა ვერ, რადგან ამისთვის მხოლოდ სურვილი არ იყო საკმარისი. იდეაც დაიბადა. დაიწყეს პარტნიორ კომპანიასთან ერთად მუშაობა ქართულ კლავიატურაზე, რომელიც თავდაპირველად აპლიკაციის სახით გაჩნდა ჩვენს მობილურებში. ამავდროულად, მიდიოდა მოლაპარაკებები მაიკროსოფტთან, რომ ქართული ენა ნელ-ნელა გაჩენილიყო მათ პროგრამებში. დაიწყეს თანამშრომლობა ფონტის ინჟინრებთან, ახალი ქართული ფონტების შესაქმნელად. პარალელურად, მიმდინარეობდა აქტიური საკომუნიკაციო კამპანია „წერე ქართულად“, აზრთა ლიდერების ჩართულობით. ქველმოქმედება ბევრად მარტივი იქნებოდა, არა? ნამდვილად, თუმცა დღეს ამაზე არ ვილაპარაკებდით. აქვე დავამატებ, ამ კამპანიის დაწყებიდან უკვე მეხუთე წელი გავიდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დროთა განმავლობაში, ეს ძალისხმევა კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე აისახება. რეპუტაცია კი კაპიტალია, თანაც როგორი ძვირფასი, განსაკუთრებით, კრიზისების დროს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კრიზისისგან ვინმეა დაზღვეული?!

ერთ შანსს ყველა იმ სახურებსო, მაგრამ ეს ფრაზა გაბრაზებულ მომხმარებელზე არ ჭრის. შანსს მხოლოდ რჩეულები იმსახურებენ. ერთ დროს კეთილგანწყობილი მომხმარებლის პატიების მოპოვება კი შედარებით მარტივია.

რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს კომპანიები, ამ საქმეების მიღმა მხოლოდ მათი ბიზნეს ინტერესები იმალება? თუნდაც, ეს კამპანიები ხომ არსად არ ქრება?! საბოლოოდ, ბიზნესს ერთგული მომხმარებლები ჰყავს, მომხმარებლებს რჩეული კომპანიები, რომლებისგანაც კუთვნილი მომსახურების გარდა, დამატებით სარგებელს ხედავენ. და რაც უფრო მეტი პასუხისმგებელი კომპანია გვეყოლება, ქვეყნისთვისაც მით უკეთესი, რადგან ჭეშმარიტ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას უამრავი პრობლემის მოგვარება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ავტორი: სალომე ქვრივიშვილი