Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირთათვის ყველაზე გავლენიანი სკოლაა. სულ ცოტა ხნის წინ მის საერთაშორისო ქსელს Miami Ad School Tbilisi შეუერთდა.

Miami Ad School Tbilisi (MAST) თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამებს სთავაზობს არტ-დაირექშენსა და ქოფირაითინგში. პროგრამა აწყობილია საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, კერძოდ კი ბერლინის სკოლასთან კოლაბორაციით.

2 წლიანი სასერთიფიკატო პროგრამა 8 კვარტალისგან შედგება. MAST-ის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ განათლება მიიღონ არა მარტო თბილისის, არამედ ევროპის სკოლაშიც. სტუდენტები პირველ ორ კვარტალს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაატარებენ, მესამე და მეოთხე კვარტალს კი ბერლინის სკოლაში.

პირველი 4 კვარტალი, სტანდარტულად, სწავლის პროცესს ეძღვნება და ისწავლება ისეთი საგნები, როგორიცაა: ფოტოგრაფია, ტიპოგრაფია, დიზაინი, ბრენდინგი, კომპიუტერული პროგრამები და ქონსეფთინგი (ორიგინალური იდეების გენერირება). თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლის პროცესი ძირითადად პრაქტიკული სამუშაოებით არის გაჯერებული.

მეხუთე და მეექვსე კვარტალში სტუდენტს არჩევანის საშუალება აქვს – გააგრძელოს სწავლა Miami Ad School-ის სხვა სკოლაში ან გაიაროს პრაქტიკები სკოლის პარტნიორ სააგენტოებში. მეშვიდე კვარტალში სტუდენტი ბრუნდება საქართველოში და პრაქტიკებს აგრძელებს ადგილობრივ სარეკლამო სააგენტოებში. ხოლო დასკვნით, მერვე კვარტალში ხდება ორი წლის განმავლობაში გაკეთებული საუკეთესო პროექტების შერჩევა, დახვეწა და პორტფოლიოს შეკვრა.

MAST-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებზე აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც სკოლის დამფუძნებელმა, გიორგი პოპიაშვილმა აღნიშნა აპლიკაციების შერჩევისას პრიორიტეტს სტუდენტის შემოქმედებითი რესუსი წარმოადგენს. შესაბამისად, ყურადღება მიექცევა იმ ნამუშევრებს, რომელსაც სტუდენტი აპლიკაციას თან დაურთავს. აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო სწავლა შემოდგომიდან დაიწყება.

MAST-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ვებ-გვერდზე – https://miamiadschool.ge/

ავტორი – თამარ ხელაძე