ახალი კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული კარანტინის გამო მოწყენილობამ მთელ მსოფლიოში პიკს მიაღწია. გასაკვირი არ არის რომ ფაზლების ონლაინ გაყიდვები სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან მისი აწყობა სტრესულ პერიოდში დროის გაყვანასა და დამშვიდებაში გვეხმარება. ფაზლების გაყიდვების ზრდის ტენდეცია ორმა ბრენდმა შენიშნა და როგორც საკუთარი, ასევე თავიანთი მომხმარებლების საკეთილდღეოდ გამოყენება გადაწყვიტა.

მოკლე მიმოხილვა
  • McDonald’s – მა და Heinz – მა ფაზლების წარმოება დაიწყეს კარანტინში მყოფი მომხმარებლების გასამხნევებლად და მათთვის მძიმე წუთების შესამსუბუქებლად.
  • კერძოდ, ბელგიის McDonald’s-მა, საერთაშორისო სარეკლამო კომპანია TBWA-თან თანამშრომლობის შედეგად, შექმნა 500 ნაწილიანი ბურგერის ფაზლი. ბრენდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 20 ცალი ფაზლი Instagram კონკურსის საშუალებით გაათამაშოს და ამისთვის მხოლოდ პოსტის საკუთარ Story-ზე გაზიარება, სურვილის დაფიქსირება და @mcdonaldsbelgium – ის მონიშვნაა საჭირო.

  • რაც შეეხება Kraft Heinz Canada-ს, მათი ფაზლი 570 ნაწილისგან შედგება და ირწმუნებიან, რომ ეს არის, მსოფლიოში ყველაზე ნელა ასაწყობი ფაზლი, რადგან შედგება იდენტურად შეფერადებული წითელი ნაწილებისგან, რომელიც მათი საფირმო კეტჩუპის ვიზუალიზაციას წარმოადგენს. ისევე, როგორც McDonald’s-ი, Heinz-იც ათამაშებს Instagram-ის მეშვეობით 57 ცალ ფაზლს 17 ქვეყნის მასშტაბით.

მოტივები

ორივე ბრენდის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ შეექმნა გასართობი მიმართულება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კარანტინის გამო თავისუფალ არჩევანზე გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ერთ ტრენდზე – ფაზლების წარმოებაზე კონცენტრირდა, მათი მიდგომები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. McDonald’s – ი მთელ ყურადღებას თავისი მენიუს მთავარ ელემენტზე – ბურგერზე ამახვილებს და მას სტრესის შემსუბუქების საშუალებად წარმოგვიდგენს. საპირისპიროდ, Heinz – ის „მსოფლიოში ყველაზე ნელი“ ფაზლი, მისი კეტჩუპის ნელი გადმოღვრის ასახვას ისახავს მიზნად, რომლის აწყობაც საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ბრაიან ნეუმანმა, Kraft Heinz Canada – ს ბრენდ მენეჯერმა პრესასთან განაცხადა – „Heinz – ი ცნობილია ნელა, მსუბუქად გადმოღვრადი კეტჩუპით. ისეთ პერიოდში, როდესაც თითოეულ ჩვენგანს უამრავი დრო გამოგვიჩნდა და ფაზლების პოპულარობაც გაიზარდა, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენი კეტჩუპის მთავარი დამახასიათებელი თვისება და ფაზლები ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.“

აღსანიშნავია, რომ ფაზლები მართლაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში, რასაც თავსატეხების უმსხვილესი წარმოებელი Ceaco-ც ადასტურებს. ბოლო კვირებში მათი გაყიდვები 300 % ით გაიზარდა.

წყარო – www.npr.org
ავტორი – თამარ ხელაძე