კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა შედარებით ახალ და ძალიან სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში, რომლის კონცეფციასაც სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს. თანამედროვე კომპანიებს აქვთ საზოგადოების წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც სცდება კომპანიის ვალდებულებებს აქციათა მფლობელებისა და ინვესტორების მიმართ. დანარჩენი მხარეები, რომელთა წინაშე ბიზნესს აგრეთვე აქვს გარკევული პასუხისმგებლობა, მოიცავს მომხმარებლებს, თანამშრომლებს, ფართო საზოგადოებას, მთავრობასა და ბუნებრივ გარემოს.

ყველა კომპანიას – დიდს თუ პატარას, ერთნაირად მოეთხოვება სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებში, რომელთაც ამის ყველა რესურსი და შესაძლებლობა აქვთ. იმისათვის, რომ გავიგოთ მათი შეხედულებები ზოგადად, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან. კვლევა ჩაატარა საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მეოთხე კურსის სტუდენტმა, ირინა ბერიძემ. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოება კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას და როგორია CSR-ის როლი ცალკეული კომპანიისთვის. თვისებრივი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. აღსანიშნავია მომხმარებლისა და სადაზღვევო კომპანიების დამოკიდებულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი.

მომხმარებლების თქმით, CSR – ეს არის ბიზნესის სტრატეგია, წვლილი შეიტანოს დაინტერესებული მხარეების განვითარებასა და კეთილდღეობაში. ორივე სეგმენტი თანხმდება იმაზე, რომ დაინტერესებულ მხარეებში იგულისხმება არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ თანამშრომლები, ინვესტორები, მთავრობა და გარემო, რომელშიც საქმიანობენ. მომხმარებლების თქმით, დღეს, არა მხოლოდ დიდი ბიზნესები, არამედ წვრილი და საშუალო ბიზნესებიც „ვალდებული“ არიან იყვნენ პაუსიხსმგებლიანი კორპორაციები. თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლები თვლიან, რომ კონკურენტულ გარემოში CSR ერთ-ერთი მძლავრი კონკურენტული უპირატესობა შეიძლება იყოს.

რაოდენობრივ კვლევაში კარგად ჩანს, თუ რას ნიშნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის:

უმრავლსეობა (60,7 %) თვლის, რომ ეს არის საქმინობა, რომელიც სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ეს ცალსახად ასეც არის, ვინაიდან, სოციალური პასუხისმგბლობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ რომ საზოგდოებაზე ზრუნვაა.  26,2 %-მა კი ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე გააკეთა აქცენტი. რესპოდენტთა 34,4 % ფიქრობს, რომ სოციალური პასუხისმგბელობა კომპანიებისთვის არის პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საჭიროა CSR -ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, ვინაიდან მათ სწორად უნდა ესმოდეთ ის, რომ პროდუქტის ხარისხის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშეც, კომპანიის პირდაპირი ვალდებულებაა და ამ კუთხით მომხმარებელი უფრო მომთხოვნი უნდა იყოს. იგივე შეიძლება ითქვას ანგარიშვალდებულებასა (28,7%) და ეთიკა/კანონმორჩილებაზე (32%).

ძალიან საინტერესო  იყო საზოგადოების აზრი, თუ რა უშლის ხელს ქართულ კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებაში.

რესპოდენტთა უმრავლესობა (61,5 %) მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არის კომპანიის მხრიდან საკუთარ თავზე ნაკლები პასუხისმგებლობის აღება. ეს შეიძლება ავხსნათ იმით, რომ სამწუხაროდ, ბევრი კომპანია თვლის, რომ მათი მხრიდან ხარისხნიანი პროდუქტისა და მომსახურების მიწოდება საკმარისია იმისთვის, რომ მათი საქმიანობა იყოს წარმატებული. ეს უკანასკნელი კი, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა ყველა კომპანიისთვის და არასწორია, როცა ამას ხშირად კომპანიის „კეთილ ნებას“ უწოდებენ.

ზუსტად იმავე არგუმენტით შეგვიძლია ავხნათ საზოგადოების იმ ნაწილის ( 7,4 %) აზრი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართულ კომპანიებს CSR-ის განხორციელებაში ხელს უშლის საზოგადოების მხრიდან ნაკლები მოლოდინი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათზე დიდ მოლოდინებს არ ამყარებენ. სწორედ აქ უშვებს ქართველი მომხმარებელი შეცდომას, რომ არ არის საკმარისად მომთხოვნი ბიზნესის მიმართ და მხოლოდ ხარისხნი პროდუქტითა და მომსახურების მიწოდებით კმაყოფილდება. რაც ცალსახად კარგია, თუმცა არა საკმარისი.

რესპონდენტთა 20,5 %  ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას საზოგადოებაში. ეს მიდგომა, ვფიქრობ, შეჯამებაა წინა ორი დამოკიდებულებისა. სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს, ერთის მხრივ, იმას, რომ საზოგადოება არ არის მომთხვონი კომპანიების მიმართ, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ამ უკანასკნელთა მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

რეპონდენტთა მხოლოდ 10,7 % თვლის, რომ კომპანიები ფინანსების არ ქონის გამო ვერ ახორციელებენ კოპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. ბევრი კომპანია CSR -ს განიხილავს, როგორც ხარჯს და არა როგორც ინვესტიციას. შესაბამისად, ამ ტიპის კომუნიკაცია მათი მხრიდან ხშირია.

კვლევამ გვაჩვენა, თუ როგორია საზოგადოების ინფორმირებულობა CSR -ის შესახებ, როგორია მათი მოლოდინები ქართული კომპნიების მიმართ. ასევე, ორივე სეგმენტის, როგორც მომხმარებლის, ასევე კომპანიის მენეჯერების, აზრი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგბელობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს არის კომპანიის თავისუფლი ნება, სტრატეგია, რომელიც მათი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია და რომლის მიზანიც არის დაინტერესებული მხარეების კეთილდღეობაში წვლილის შეტანა.

რაც შეეხება თავად სადაზღვევო კომპანიებს, ფიქრობენ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი, რომლითაც მათ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საზოგადოების და იმ გარემოს კეთილდღეობაში, რომელშიც საქმიანობენ. მათი თქმით, საბოლოოდ CSR მოგების მომტანია.

 

კვლევის ანალიზი მომზადებულია სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის, ირინა ბერიძის ნაშრომის საფუძველზე.
ავტორი: მარიამ ნავროზაშვილი