„უპრიანის“ რესპონდენტს, სალომე მეცხვარიშვილს კომუნიკაციების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თავდაპირველად, მან საქმიანობა ჟურნალისტიკის სფეროში, საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი კარიერა პიარსპეციალისტის პროფესიას დაუკავშირა.

სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში პირველი პრაქტიკული გამოცდილება ფარმაცევტულ კომპანია „ჯი -პი- სი“-ში მიიღო. შემდეგ კი „პალიტრა მედიას“ გუნდს შეუერთდა და წლების განმავლობაში, როგორც ჰოლდინგში შემავალი, ასევე დამკვეთი ორგანიზაციებისთვის, კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიას ქმნიდა. უმუშავია, ტელეკომპანია „იმედშიც“, ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემის კომუნიკაციაზე.

ამჟამად, სალომე საერთაშორისო საკონსულტაციო სააგენტო BetterFly-ში პროექტების მენეჯერის პოზიციას იკავებს. აქ მას უამრავ მრავალფეროვან პროექტზე უწევს მუშაობა. პარალელურად კი, თავის ცოდნას და გამოცდილებას კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით, სტუდენტებს უზიარებს.

პროფესიასთან დაკავშირებული საკუთარი ხედვა და გამოცდილება სალომემ ჩვენც გაგვიზიარა.

 

-ჩვენ, კომუნიკაციების სპეციალისტები, ხშირად ვამბობთ, რომ ამ პროფესიას დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. როგორ ფიქრობთ, მოახდინა, თუ არა გავლენა თქვენმა პროფესიამ პირადად თქვენს პიროვნებასა და ცხოვრებაზე? და თუ კი, საინტერესოა – როგორი?

-რა თქმა უნდა, მოახდინა. ამ სფეროს მისიაც ხომ ეს არის – გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, პირველ რიგში კი, ვფიქრობ, მათზე ახდენს, ვინც თავად მუშაობს კომუნიკაციის სფეროში. ჩემს შემთხვევაში, ალბათ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ხასიათში, საკითხებისადმი მიდგომაში. ყველაზე  მნიშვნელოვანს გამოვარჩევ, ეს არის, ვფიქრობ, ადამიანების ყურადღებით მოსმენა, რაც აღნიშნულ სფეროში მუშაობამ მასწავლა. ვუსმინოთ და გვესმოდეს ადამიანების, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციებში, რადგან მთავარი ადამიანია, მათი ხედვა, დამოკიდებულება, ინტერესები, ქცევები. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატება. რაც უფრო კარგად ვიცნობთ მათ, მით მეტი შანსი გვაქვს მივიქციოთ მათი ყურადღება და შთაბეჭდილება მოვახდინოთ მათზე. ეს, რაღცანაირად, ცხოვრებაშიც გადმომედო. მიყვარს ადამიანების მოსმენა, მათზე დაკვირვება და შემდეგ დასკვნების გამოტანა.

-როგორც ვიცი, თქვენ ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი ხართ, ვინც წლების წინ, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში იმ დროისათვის სრულიად ახალი მიმართულების, კონტენტ მარკეტინგის დანერგვა დაიწყო. რა სირთულეებს შეხვდით ამ პროცესში და როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე, აცნობიერებენ, თუ არა ბიზნესები ამ მიდგომის საჭიროებას?

-ეს იყო, დაახლოებით, 7 წლის წინ, როდესაც „პალიტრა მედია ჰოლიდინგის“ გუნდთან ერთად დავიწყე სხვადსხვა კომპანიის მომსახურება კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენ ვქმნიდით საჭირო და ღირებულ კონტენტს ბრენდების სამიზნე აუდიტორიისთვის და მრავალფეროვანი საკომუნიკაციო არხებით ვავრცელებდით მას. მაშინ ეს სიახლე იყო ქარული ბაზრისთვის. შესაბამისად, მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ დაგვერწმუნებინა  ქართველი მარკეტერები, თანამედროვე მიდგომების საჭიროებაში. სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო. კომპანიები ჯერ კიდევ იმ ეტაპზე იყვნენ, როცა პრიორიტეტული ტრადიციული მედია და მიდგომები იყო. შესაბამისად, მათ ძალიან უცნაურად ეჩვენებოდათ ჩვენი შეთავაზებები. თუმცა, აღმოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც გვენდნენ, წავიდნენ რისკზე და გაამართლა კიდეც ამ რისკმა. პრეცენდენტის გაჩენამ კი, სხვა კომპანიებს დაანახა, რომ მომხმარებელის განებივრება მათთვის საჭირო კონტენტით, თუნდაც ეს კონტენტი არ შეიცავდეს ბრენდის სარეკლამო მესიჯებს, დიდი ეფექტის მომტანია ნდობის მოპოვებისა და ლოიალური მომხმარებლის შეძენის კუთხით.

მას შემდეგ სამყარო ნელ-ნელა იცვლებოდა, ტექნოლოგიების და სოციალური მედიის განვითარებამ ბოლო წლებში განსხვავებულად ფიქრის აუცილებლობა გააჩინა, რადგან წლების განმავლობაში იცვლებოდა ყველაფერი – მოთხოვნები, დამოკიდებულებები, შესაძლებლობები.  შესაბამისად, იცვლებოდა სფეროს მიდგომები და კონტენტ მარკეტინგზე მოთხოვნაც გაიზარდა.

-პანდემიის გავლენა საკომუნიკაციო ინდუსტრიასაც შეეხო. თქვენი აზრით, რას ნიშნავს მიმდინარე ცვლილებები ერთი მხრივ, კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესებისთვის? ხედავთ, თუ არა ახალი მიდგომებისა თუ უნარების საჭიროებას?

-პროცესები, რაზეც ზევით ვისაუბრე,  ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობდა. დღეს კი სამყარომ დაგვიძახა – ჰოპ  და ჩვენც დიდი ნახტომი გავაკეთეთ. ბოლო ერთ წელიწადში სამყარო ამოტრიალდა. 2021 ექსპერიმენტების წელია. ვივიწყებთ ყველაფერს, რაც ნორმაში ჯდებოდა. დღეს სტანდარტული შეთავაზებებით მომხმარებლის ყურადღებას ვერ მივიპყრობთ და გრძელვადიანი სტრატეგიებით შორს ვერ წავალთ, რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ.  დღეს მთავარი ადამიანების ინტერესები და სურვილებია. შესაბამისად, კონტენტ მარკეტინგი აქტუალობას კიდევ უფრო მეტად იძენს, ვიდრე ოდესმე, რადგან ის ქმნის და ავრცელებს სამიზნე ადუიტორიისთვის ღირებულ და საჭირო კონტენტს.

თუ აქამდე ვამბობდით, რომ კონტენტ მარკეტინგი მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა,  დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგან ღირებული კონტენტის წარმოებით ბრენდები ხდებიან ერთგვარი „ჯინები“ თავისი მომხმარებლისთვის. კონტენტ მარკეტინგის მთავარი მიდგომაა, არა – „რა მივყიდოთ აუდიტორიას“ არამედ – „რით დავეხმაროთ მათ“. შესაბამისად, ბრენდი, რომელიც მოუსმენს ადამიანებს, გაითავისებს მათ პრიორიტეტულ საკითხებს, პრობლემებს და ეცდება დაეხმაროს ამ პრობლემების მოგვარებაში,  გრძელვადიანად იქნება აქტუალური სამიზნე აუდიტორიისთვის.  სწორედ ასეთი ბრენდები იქნებიან ადამიანებთან ემოციურად ახლოს.

კონტენტი მეფეა – ეს ფრაზა ბოლო წლებია ხშირად გვესმის. დღეს კი კონტენტი მეფეა, ისე როგორც არასდროს.

– დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა და რას ურჩევდით მომავალ კოლეგებს?

-წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ვთვლი, რომ გამზადებული რეცეპტი, რომელიც ყველას მოერგება, არ არსებობს. თანაც, ვინ რას მიიჩნევს წარმატებად, ესეც საკითხავია. თუმცა, ჩემი მხრიდან რასაც ვურჩევდი მომავალ სპეციალისტებს, ეს არის მიზნის დასახვა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მიზანი უნდა დავისახოთ მკაფიო, რომ შემდეგ შევძლოთ იმის გასაზღვრა, თუ რამდენად მივაღწიეთ დასახულს. დასახული მიზანი ერთგვარი სახელმძღვანელოსავით გვექნება და ის გვიკარნახებს, როგორ ვიმოქმედოთ ცხოვრების გზაზე.

მე არ ვთვლი, რომ ჩემს მთავარ მიზანს უკვე მივაღწიე. უბრალოდ, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვდგავარ.

 

ინტერვიუს უძღვებოდა სალომე ქვრივიშვილი