პრობლემა, რომელსაც კიბერბულინგის ტერმინით მოვიხსენიებთ, 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იშვა და გულისხმობს ქმედებას, რომლის დროსაც ერთი ადამიანის მხრიდან ადგილი აქვს მეორე ადამიანის ჩაგვრა-დამცირებას, შეურაცხყოფას, შანტაჟსა თუ მუქარას ინტერნეტსივრცეში. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ტრადიციული ბულინგის დროს მჩაგვრელს მსხვერპლზე ძალადობა და მისი დამცირება რეგულარულად უხდებოდა, რათა საკუთარი პოზიციები და ავტორიტეტი შეენარჩუნებინა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს ქმედება ბევრად გაამარტივა და ახლა, ე.წ. „ოფლაინ ბულინგთან“ შედარებით, კიბერბულინგს ნაკლები დრო, ენერგია და სიმამაცე სჭირდება. სამწუხაროა, თუმცა, დღესდღეობით, 12-დან 17 წლამდე მოზარდების 37 % ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი. მათგან 30 % – რამდენჯერმე. საშუალოდ, 10-დან მხოლოდ 1 ბავშვი ხდის მშობელს ინფორმირებულს, რომ თავს მსგავსი შემთხვევა გადახდა. შესაბამისად, პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება და ჯერჯერობით, მის წინააღმდეგ საზოგადოება უძლურია. უფრო მეტიც, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისი მნიშვნელობა, შესაძლოა, არც იყოს ცნობილი. სამაგიეროდ, ძალიან ბევრს, განსაკუთრებით კი ბავშვებს და მოზარდებს, საკუთარ თავზე არაერთხელ გამოუცდია ის.

საინტერესოა, როგორია კიბერბულინგის მიმართ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ინფორმირებულობის დონე და დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემის ირგვლივ ჩატარდა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება იქნა გამახვილებული ბავშვებს შორის კიბერბულინგის გახშირებულ შემთხვევებზე, თუ რა ფორმით ვლინდება ის ყველაზე ხშრად, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში და რაც მთავარია, საზოგადოების ფართო ასაკობრივი სეგმენტის აზრით, რა ზომების მიღებაა მიზანშეწონილი ამ პრობლემის მაქსიმალური კონტროლისათვის.

პირველ რიგში, განვიხილოთ რა ფორმით ვლინდება ყველაზე ხშრად კიბერბულინგი. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა:
  • Impersonation

იმპერსონიზაცია, რაც გულიხმობს სხვა ადამიანად თავის გასაღებას. ასეთ დროს, მჩაგვრელმა შესაძლოა:

  1. შექმნას ყალბი პროფილი მსხვერპლის იდენტობის გამოყენებით, სექსუალური, რასისტული თუ მსგავსი კონტენტის შესაქმნელად, რათა უამრავ ადამიანს მცდარი შეხედულება ჩამოუყალიბოს თავის მსხვერპლზე.
  2. მოიპაროს მსხვერპლის სოციალური ქსელების პაროლები და მისი სახელით მისწეროს სხვებს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ხასიათის ტექსტები. პარალულურად კი, შესანიღბად და მეტი დამაჯერებლობისათვის, საკუთარი თავიც ერთ-ერთ მსხვერპლად წარმოაჩინოს.
  3. გამოიყენოს ყალბი პროფილი, რათა გაიცნოს ადამიანები და მათთან ვირტუალური ურთიერთობა ჩამოაყალიბოს.
  • შევიწროება

კიბერბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს ბულერი იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: მუქარა, შანტაჟი, დაშინება, ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლა და ა.შ. რაც გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ ფონსა და ნდობის ფაქტორზე, რამაც, შესაძლოა, ბავშვს სკოლაში სიარულის ან საზოგადოებაში გამოსვლის შიშიც კი ჩამოუყალიბოს.

  • Exsclution

გაძევება, გარიყვა სოციალური მედიასივრციდან. ხშირია, როდესაც ბავშვებს სოციალურ ქსელში შექმნილი აქვთ ე.წ. „ჩატი“ ან ჯგუფი. სწორედ ამგვარი სივრციდან გამორიცხვას გულისხმობს ზემოხსენებული ტერმინი.

  • Outing

შემთხვევა, როდესაც მჩაგვრელი ინტერნეტში აზიარებს მსხვერპლის პირად ინფორმაციას – ფოტოს, ვიდეოს, ჩანაწერს, დაცინვის მიზნით, უნებართვოდ. ეს შემთხვევა განსაკუთრებით ტენდენციურია თინეიჯერებში, როდესაც მოზარდები იღებენ და შემდეგ ავრცელებენ უკვე „დაედითებულ“ ფოტო-ვიდეო მასალას, სამიზნის დამცირების მიზნით.

  • Trolling

ტროლინგი არის განზრახ ქმედება, რომელიც  მართულია სამიზნის პროვოცირებისაკენ, ონლაინ ფორუმებსა თუ სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი და გამომწვევი შინაარსის კომენტარების წერით. ამ დროს, ტროლებს სურთ თავი იგრძნონ უკეთესად იმით, რომ სხვას თავს ცუდად აგრძნობინებენ. ტროლის სამიზნეები ხშირად ხდებიან ბავშვებიც. ასეთ დროს, თავდაცვის მიზნით, შესაძლოა ბავშვი თავადაც იქცეს ბულერად.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, აღნიშნულ თემაზე თვისებრივი კვლევის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა მშობლის როლი და მნიშვნელობა, როგორც ამ პრობლემასთან ბრძოლის უპირველესი მექანიზმი. რესპონდენტების თქმით, მნიშვნელოვანია მშობელმა ბავშვს ასწავლოს  რა არის სწორი და რა – არასწორი. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მასთან საბრძოლველად საჭიროა ყველა ისეთი ძალის გაერთიანება, როგორიცაა:  განათლების სისტემა, მშობლების ჩართულობა, ბავშვთა უფლებების დამცველების როლი, სახელმწიფოს კეთილი ნება, საზოგადოების აქტიურობა და ა.შ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე აბრკოლებს სხვადასხვა ფაქტორი, რომ ჩაერიოს აღნიშნულ პრობლემაში და მისი მოგვარება სცადოს. ეს ფაქტორებია:

  • ამ თემაზე ინფორმაციის დეფიციტი და მსგავს სიტუაციაში მოქცევის არცოდნა, გამოცდილების ნაკლებობა;
  • შიში, რომ ჩარევით უფრო დამძიმდება სიტუაცია. რადგან მესიჯი, რომ შეწყვიტოს ამის კეთება და  საკუთარი თავის გამოხატვა თუ ემოცების ჩვენება სხვების ჩაგვრის გარეშეც შეიძლება, რთულია სწორად იყოს მიტანილი ბულერამდე.
  • გულგრილობა, ანუ „ზედმეტი თავისტკივილის“ არიდება და პასუხისმგებლობის დაკისრება სხვა ინსტიტუტებსა და ორგანოებზე.

როგორც ვხედავთ,  ჩარევის მოტივაციის ასამაღლებლად, აუცილებელია საზოგადოებამ თავად დაინახოს, თუ რა მასშტაბის პრობლემის მოგვარება შეუძლია მათ გაერთიანებასა და სწორ მოქმედებას.

რაც შეეხება რაოდენობრივ კვლევას, გამოკითხულთა უმრავლესობისათვის (86 %), კიბერბულნგი ნაცნობი თემაა და მხოლოდ 14 % არ ფლობდა ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე. ამასთანავე, მათი უმრავლესობა – 83,8% თვლის, რომ საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს არ ექცევა სათანადო ყურადღება.

საინტერესოა, რას მიიჩნევენ ისინი ბავშვებში კიბერბულინგის წარმოშობის ძირითად მიზეზებად:

როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან, რესპონდენტების უმრავლესობამ (41,9%) ბავშვებს შორის კიბერბულინგის წარმოშობის მიზეზად დაასახელა სურვილი, დაამტკიცონ საკუთარი  სიძლიერე და დაიმკვიდრონ თავი სასურველ გარემოში. ასევე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი პოპულარობის სურვილი (22,1%) და თვთშეფასების ამაღლების სურვილით გამოწვეული ბულინგი (19,1%).

ვინაიდან თვისებრივი კვლევით გამოიკვეთა მშობლის როლი, როგორც ამ პრობლემასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი, საინტერესოა საზოგადოების აზრი, თუ რა ქმედებებია გამართლებული როგორც მჩაგვრელის, ასევე მსხვერპლის მშობლების მხრიდან, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში:

გამოკითხულთა უმრავლესობა, 53.7 % მიიჩნევს, რომ მჩაგვრელი ბავშვის მშობელმა მეგობრული ახსნით, საუბრით უნდა გააგებინოს თავის ბავშვს ამ ქმედების გაუმართლებლობა და მიუღებლობა. 31.6 %-თვის ასეთ დროს გამოსავალს ბავშვის ფსიქოლოგთან ტარება წარმოადგენს. 8.8%-ს ფიქრობს, რომ ბავშვის ეს ქმედება დასჯას მოითხოვს, დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ 8 ადამიანისთვის ბავშვის ამგვარი ქმედება ზედმეტ  ჩარევას არ საჭიროებს.

რაც შეეხება დაჩაგრული ბავშვის მშობლის პოზიციას, გამოკითხულთა 63,2% თვლის, რომ ბავშვისადმი გამოხატული თანადგომა ტრავმის გადალახვის საუკეთესო გზაა. ხოლო 30,1% მიიჩნევს, რომ ამ დროს ფსიქოლოგის ჩარევაა აუცილებელი. საყურადღებოა, რომ 6,6%-თვის ეს საკითხი არ არის საგანგაშო და ყურადსაღები.

თუმცა, მანამდე, საინტერესოა რას მიიჩნევენ ისინი კიბერბულინგის თავიდან აცილების მექანიზმად. 68,4% ბალანსირებულ აღზრდის მეთოდს ასახელებს, რომლის დროსაც პირადი სივრცის შეზღუდვის გარეშე, მშობელი აკონტროლებს შვილის ქმედებებს ინტერნეტსივრცეში. 20,6% ფიქრობს, რომ მშობელი მხოლოდ ყველა ნაბიჯის კონტროლითა და მკაცრი ჩარევით აარიდებს ბავშვს კიბერბულინგის შემთხვევებს. ხოლო 11% თვლის, რომ მშობელი არ უნდა ზღუდავდეს ბავშვის ინტერნეტთან წვდომას და მას უნდა ჰქონდეს სხვებისგან დაცული პირადი სივრცე.

საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ კვლევამ აჩვენა წინააღმდეგობა საზოგადოების სურვილებსა და რეალურ ქმედებებს შორის. კერძოდ, მაშინ, როცა კიბერბულინგის დაფიქსირების შემთხვევაში, გამოკითხულთა უმრავლესობა გვიბიძგებს ჩარევისაკენ და ეს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია, რეალურად, ვიღებთ საკმაოდ განსხვავებულ მოცემულობას, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 60,3% არასდროს ჩარეულა მისთვის ცნობილ კიბერბულინგის შემთხვევებში.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის ჩარევის მოტივაციის ამაღლებაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავად დაინახოს თუ რა მასშტაბის პრობლემის მოგვარება შეუძლია მათ მიერ გადადგმულ დროულ და რაც მთავარია, სწორ ნაბიჯებს.

 

კვლევის ანალიზი მომზადებულია სალომე ქვრივიშილის მიერ, საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ანა გურგენაშვილის საბაკალავრო პროექტის საფუძველზე.