ინტერვიუ influencer.ge-ს დამფუძნებელ ელდარ პირმისაშვილთან

როცა მსოფლიოში პანდემიის აფეთქებამ ყველა სახლში დაგვსვა და უმოქმედობა შემოგვთავაზა, დავიწყეთ სხვადასხვა სოციალური ქსელის სქროლვა. აქ აღმოვაჩინეთ ის ადამიანები, რომლებიც გვხიბლავდნენ მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ტიპის კონტენტით, რჩევებით თუ, უბრალოდ, თავიანთი ყოველდღიურობის ესთეტიკურად წარმოჩენით. ამ ადამიანების მაგალითზე ყველასთვის ბევრად აქტუალური გახდა სიტყვა „ინფლუენსერის“ მნიშვნელობა და ის კონკრეტული ქმედებები, რაც მასში იგულისხმება. ამ საქმიანობის შიდა სამზარეულოსა და მის მომავალზე კი გვესაუბრება თავად ინფლუენსერი, influencer.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ელდარ პირმისაშვილი.

– პანდემიის პირობებში რა ცვლილებები განიცადა ამ საქმიანობამ საქართველოში ? როგორ განვითარდა და რა მნიშვნელობა შეიძინა?

პანდემიის პირობებში ეს საქმიანობა უფრო აქტუალური გახდა,  რადგან ძირითადი აქცენტი კეთდებოდა სოციალურ ქსელებზე: ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. შესაბამისად, ინფლუენსერების საქმიანობა უფრო კარგად გაიცნო ხალხმა. ტელევიზიებიდან და სარეკლამო სფეროდან აქცენტი ციფრულ სამყაროზე გდავიდა. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეში ქმნიდნენ ხალხისთვის საინტერესო კონტენტს, საკმაოდ პოპულარულები და ე.წ. ინფლუენსერები გახდნენ. თავად მარკეტინგული კომპანიების 70% მიიჩნევს, რომ ინფლუენსერობა ერთ-ერთი წამყვანი დარგი გახდა ამ სფეროში, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ შეუწყო ამას ხელი.

– თქვენი აზრით, რა შეიცვალა თავად კონტენტის შექმნის კუთხით. სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდებით ხალხის ე.წ. „მიმდევრებად“ ქცევა უფრო გართულდა თუ გამარტივდა?

კონტენტის შექმნა გამარტივდა, რადგან გაჩნდა მცირე ზომის ვიდეოები, „სთორები“, რაც გვიჩვენებს ამ ადამიანების ყოველდღიურობას. თუმცა, რთული გახდა ადამიანების მოზიდვა და მათი დაინტერესება. არ არის მარტივი შექმნა ისეთი ტიპის კონტენტი, რომელიც მოიზიდავს ადამიანებს და დაამახსოვრებს მათ თავს. ონლაინ მომხმარებლები ინფლუენსერებისგან მოითხოვენ ავთენტურობას და ნდობას, რადგან მათთვის არაა საინტერესო ხელოვნურობა. ადამიანები ინფლუენსერების ყოველდღიურობას ადევნებენ თვალს, ითვალისწინებენ მათ რჩევებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტთან დაკავშრებით.  შესაბამისად, სურთ, რომ ეს ყველაფერი იყოს რეალური. სწორედ ამიტომ უკავშირდება  კონტენტის შექმნა სირთულეს.

– კომპანიებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსერებთან თანამშრომლობა პანდემიის პირობებში?

ახალ სამყაროში ძველი მეთოდებით ბრენდები უკვე ვეღარ იღებენ სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ, ბრენდებისთვის, მარკეტერებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი გახდა „სოციალური ვალუტა“, რომელიც პირდაპირ კავშირშია გავლენიანი ადამიანების – ინფლუენსერების მუშაობასთან. ვინაიდან პანდემიის პირობებში ყველაფერმა გადმოინაცვლა ონლაინ სივრცეში, აქ კი ინტერნეტ მომხმარებლების 47% ბლოკავს ინტერნეტ რეკლამას, რაც მის ნაკლებეფექტურობასა და დანახარჯების გაძვირებას იწვევს, ინფლუენსერებმა მარკეტერებისთვის შექმნეს მრავალფეროვანი გარემო თავიანთი კამპანიების წარმართვისათვის. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა მათზე დანახარჯები მარკეტინგულ ბიუჯეტში. ეს კი მათ მნიშვნელობაზეც მეტყველებს. თუმცა, ხშირად კომპანიები შეცდომას უშვებენ იმ მხრივ, რომ თავად ინფლუენსერთან მიდიან შეთავაზებით და არა კომპანიასთან,რომელიც ამ სერვისს სთავაზობს. სწორედ ასეთი პლატფორმაა ინფლუენსერ.ჯი, influencer.ge რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სერვისს ინფლუენსერებთან დაკავშირებით. უპირატესობა კი არის ის, რომ აქ მომუშავე პერსონალს არაერთი კვლევა, სტატია აქვს წაკითხული და სხვადასხვა ტიპის გადამზადება გავლილი, შესაბამისად, უფრო კომპეტენტურები არიან, იციან რა ტიპის კონტენტი – ფოტო თუ ვიდეო შექმნან, რომელი ინფლუენსერი გამოიყენონ კამპანიისთვის და ა.შ.

– როგორ ფიქრობთ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ისეთივე აქტუალური და მოთხოვნადი იქნება ინფლუენსერობა როგორც ამ პირობებში?

პანდემიის დასრულების შემდეგ კვლავ აქტუალური იქნება ეს ყველაფერი, რადგან ინფლუენსერობა ახლა იკიდებს ფეხს და უფრო და უფრო ტენდენციური გახდება დროთა განმავლობაში. ამასთანავე, სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში შესაძლებელია რეკლამის გაზომვა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ზუსტად გაიგოს როგორ წარიმართა, რა გამოხმაურება მოჰყვა, რა თანხა დაიხარჯა და რა შედეგი მიიღეს ამით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

ინტერვიუს უძღვებოდა: ანა ქავთარაძე