Facebook-ი კოვიდ-19-ის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს ინოვაციებით პასუხობს.

სულ ცოტა ხსნის წინ Facebook-მა გლობალური ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახადა ონლაინ შეხვედრების ახალი სერვისი – Messenger Rooms-ი, რომელიც Zoom-თან პირდაპირ კონკურენციაში ჩაება. ხოლო 19 მაისს, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაქერბერგმა კიდევ ერთი ახალი სერვისი – Facebook Shops  დააანონსა.

Facebook Shops-ი  შეიქმნა იმ მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად, რომელთა მუშაობაც ახალმა კორონა ვირუსმა შეაფერხა. Facebook მაღაზიის შექმნა დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. კომპანიამ ბიზნეს მოდელს არ გადაუხვია და შემოსავალს მომხმარებლისგან არა ახალი სერვისით სარგებლობისთვის, არამედ კონკრეტული ბიზნესის მიერ საკუთარი მაღაზიის რეკლამირებით მიიღებს.

როგორც იცით, Facebook-ი აქამდე პროდუქტებისა თუ სერვისების ონლაინ კატალოგის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა, Facebook Shops-ის ჩაშვების დღიდან, სურვილის შემთხვევაში, კატალოგი ავტომატურად გადაეწყობა ონლაინ მაღაზიად, სადაც მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქტების დათვალიერება, არამედ ყიდვაც შეეძლებათ. Facebook Shops ხელმისაწვდომი იქნება Facebook-ის დანარჩენ აპლიკაციებშიც, კერძოდ – Instagram-ზე,  Messenger-სა და WhatsApp-ზე. თუმცა, მაღაზიის შექმნა თითოეულ აპლიკაციაში ცალ-ცალკე არ იქნება საჭირო, რადგან Facebook-ი თავად უზრუნველყოფს ერთ აპლიკაციაში შექმნილი Facebook Shops-ის სხვა აპლიკაციებზე მორგებას.

Facebook Shops ბიზნესებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს. გაყიდვების წარმოებასთან ერთად შესაძლებელია მოყვე მაღაზიის ისტორია, მისია და ღირებულებები და ამით გახადო შენი Facebook Shops-ი უნიკალური.

ინფლუენსერების აქტუალურობაც არ გამორჩა Facebook-ს და ამატებს Live Shopping-ის ფუნქციას, რაც გულისხმობს იმას, რომ Live-ის მაყურებლებს პროდუქტის წარდგენის პარალელურად, რეალურ დროში შეეძლებათ სასურველი პროდუქტის შეძენა.

და ბოლოს, ძალიან საინტერესო და სასარგებლო ფუნქცია, რასაც Facebook Shops-ი ბიზნესებს სთავაზობს, არის პროდუქტის წინასწარ, ვირტუალურად დატესტვა – კერძოდ, სილამაზისა და დიზაინის სფეროში. თუ კონკრეტული ბრენდი აწარმოებს ტუჩსაცხებს, შესაძლებლობა ექნება შექმნას შესაბამისი ფილტრი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დისტანციურად მოიხდინოს ესა თუ ის პროდუქტი. რაც შეეხება დიზაინს – ავეჯისა თუ დეკორის 3D გამოსახულებების შექმნა და შემდგომ მომხმარებლის გარემოსთან ვირტუალურად მორგება იქნება შესაძლებელი.

მომხმარებლების კომფორტისთვის კი აპლიკაციებს დაემატება სპეციალური ღილაკი, რომლის საშუალებითაც მარტივად მოძებნიან ინფორმაციას სხვადასხვა ონლაინ მაღაზიების შესახებ. რაც მთავარია, Facebook – ი პასუხისმგებლობას იღებს სერვისის უსაფრთხოებაზე და თქვენი თანხმობის გარეშე შენაძენის შესახებ ინფორმაცია არ გაზიარდება პირად გვერდზე.

ავტორი: თამარ ხელაძე