ფეისბუქს უკვე დიდი ხანია აქვს საკუთარი სოციალური პლატფორმების გაერთიანების სურვილი. მათი ოპტიმიზაციის შედეგად ინსტაგრამის, ფეისბუქისა და WhatsApp-ის მომხმარებელს, სამომავლოდ, ერთმანეთთან კომუნიკაცია მხოლოდ ერთი აპლიკაციით შეეძლება.

სწორედ სოციალური პლატფორმების გაერთიანებას ემსახურება ფეისბუქის ახალი გადაწყვეტილება – ინსტაგრამ ჩათში მესენჯერის მახასიათებლების ინტეგრაცია მოხდეს.

მესენჯერისა და ინსტაგრამის ჩათების ერთ ინტეგრირებულ სისტემად გარდაქმნა ამარტივებს კომუნიკაციას ერთი პლატფორმიდან მეორესთან. რადგან, ინსტაგრამის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეტყობინება გაგზავნონ პირდაპირ მესენჯერში და პირიქით, მესენჯერის მომხმარებლებს, აპლიკაციიდან გაუსვლელად, შეეძლებათ შეტყობინების გაგზავნა ინსტაგრამზე.

ფეისბუქმა ეს სერვისი უკვე გლობალური ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახადა. აპლიკაციის განახლების შემდეგ, ინსტაგრამის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული DM ღილაკის ლოგო, მესენჯერის ლოგოთი შეიცვლება.

განახლების შემდეგ ინსტაგრამის ჩათიც, მესენჯერის მსგავსად, ინტერაქციული ხდება.

ემატება შეტყობინებაზე ემოციის გამოსახატი ემოჯები, სელფი სტიკერები, შეტყობინების ანიმაციური გაფორმებები, ჩათის ფერები და თემები. ასევე, მომხმარებელს შეტყობინების გაქრობის ფუნქციის ჩართვის შესაძლებლობა ექნება, რის შედეგადაც თქვენთვის სასურველი დროის გასვლის შემდეგ გაგზავნილი შეტყობინება თქვენთანაც და მიმღებთანაც გაქრება.

ავტორი: თამარ ხელაძე