COVID-19-ის გამოჩენასთან ერთად ონლაინ შეხვედრების საჭიროებაც იზრდება. Facebook-მა ამ გამოწვევას ახალი სერვისით – Messenger Rooms -ით უპასუხა და დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ ვიდეო კომუნიკაციების პლათფორმასთან, Zoom-თან კონკურენციაში ჩაება.

Messenger-ის ვიდეო ზარი აქამდე მხოლოდ 8 ადამიანს იტევდა, Messenger Rooms-ი კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს 50-ზე მეტი ადამიანი შემოიერთონ. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი ბმულის მეშვეობით, მიუხედავად იმისა პიროვნება სარგებლობს თუ არა Facebook-ის რომელიმე სერვისით.

Facebook – ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა, პროდუქტის დაანონსებისას აღნიშნა, რომ Messenger Rooms – ზე მუშაობის პროცესში მთავარ პრიორიტეტს მომხმარებლების უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამიტომ, ონლაინ შეხვედრის მასპინძელს შესაძლებლობა ექნება დაბლოკოს არასასურველი პირი, ან ჩაკეტოს შეხვედრა მას შემდეგ, რაც დარწმუნდება რომ ყველა მონაწილე წევრი ოთახშია.

Messenger Rooms-ით შეხვედრის წამოწყება შესაძლებელი იქნება არა მარტო პირად Facebook გვერდზე, არამედ ჯგუფებშიც – სურვილის შემთხვევაში. მეგობრების საჯარო ონლაინ შეხვედრები კი გამოჩნდება სიახლეების ზოლში და მარტივად, რამდენიმე წამში იქნება დაკავშირება შესაძლებელი.

 

Messenger Rooms-ი აღჭურვილი იქნება ეფექტებით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაფაროს უკანა ფონი ან გამოიყენოს ფილტრები განათებისა და ფერების დასარეგულირებლად. Zoom-ისგან განსხვავებით კი Messenger Room-ით გახორცილებულ ზარებს დროის ლიმიტი არ გააჩნიათ.

Facebook-ის ეს ახალი სერვისი ა.შ.შ-ში რამდენიმე კვირაში გაეშვება. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ის გლობალური ბაზრისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

ავტორი: თამარ ხელაძე