დეივ ტროტი კრეატიული დირექტორი, ქოფირაითერი და მწერალია. მას არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანია აქვს შექმნილი, როგორებიცაა: პეპსი, ტოშიბა და სხვა. მას საკუთარი ბლოგი აქვს და ასევე,  რამდენიმე წიგნის ავტორია: „კრეატიული სიბრმავე და როგორ ვუმკურნალოთ მას“ , “კრეატიული ზიანი“. ამ სტატიაში ის გვიზიარებს საკუთარ აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ბრენდი.

„მეგობართან ვიყავი სტუმრად და მის კედელზე შევამჩნიე ძვირადღირებულ ჩარჩოში ჩასმული ნივთი,რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, „მარლბოროს“ძველი, დეფორმირებული  კოლოფი იყო,რომელსაც ნებისმიერ ნაგავსაყრელზე ნახავდი.

ჩემმა მეგობარმა სიამაყით გამიმხილა რომ ეს კოლოფი ტრეისი ემინის ( ინგლისელი არტისტი) მიერ იყო ხელმოწერილი.“

ერთი შეხედვით ეს უბრალოდ ნაგავი იყო.  თუმცა, არტისტის მიერ ხელმოწერილი უკვე საკმაოდ ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.

სწორედ ეს არის ბრენდი.

პიკასო ამბობდა,რომ ხალხი არა მის ნახატებს, არამედ ხელმოწერას ყიდულობდა. მისი სიტყვებიც იმას აღნიშნავს,რომ საზოგადოება  ვერ აცნობიერებს იმას,  თუ რას ყიდულობს. მათ უბრალოდ სურთ რომ სხვა ადამიანებმა აღიარონ მათი ნივთები ღირებულად.

საინტერესო ფაქტია,რომ პიკასო  ნაღდი ფულის ნაცვლად   ყოველთვის ტოვებდა ხელმოწერილ ჩეკს. მან იცოდა,რომ გამყიდველებისთვის  ნაღდ ფულზე უფრო ღირებული მისი ხელმოწერა იყო.

სწორედ ეს არის ბრენდი.

ქემდენ თაუნში,  ბენქსიმ (ქუჩის არტისტმა),  კედელზე გრაფიტი დახატა. მისმა კონკურენტმა კი საკუთარი გადაახატა ამ ნამუშევარს. მოსახლეობამ საბჭოს საჩივარი წარუდგინა,რადგან ბექნსის ნახატმა ამ შენობის ღირებულება გაზარდა,ხოლო სხვა არტისტის ნამუშევარმა დაუკარგა.

საბჭომ პირველადი სახე დაუბრუნა ბენქსის ნახატს და დამცავი ფარი აუგო,რათა საფრთხე არ შექმნოდა  მომავალში.

სწორედ ეს არის ბრენდი.

დონალდ ტრამპი ფლობს გარკვეულ ქონებას ამერიკის გარშემო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლომდე ასე არ არის. ამ ქონების უმეტესობა სხვა ადამიანების მფლობელობაშია. თუმცა,  შეძენისას, შეთანხმებას მოაწერეს ხელი,რომლის თანახმადაც ისინი შეინარჩუნებდნენ ტრამპის გვარს შენობის თავზე, რის სანაცვლოდაც უზარმაზარ საფასურს გადაუხდიდნენ მას ყოველწლიურად. ეს შეთანხმება დაიდო,რადგან საზოგადოებისთვის ტრამპი ასოცირდება სიმდიდრესთან, დიდებასა და გლამურთან.

სწორედ ეს არის ბრენდი.

ხშირად, როცა სიტყვით გამოვდივარ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ორგანიზატორები ჩემგან მოითხოვენ,რომ  იქ მოსულ საზოგადოებას წიგნებზე წარწერები დავუტოვო. მაგიდასთან კალმით ვჯდები ხოლმე,რადგან ვიცი უფრო მეტი წიგნი გაიყიდება, თუ ხელმოწერილი იქნება.

არასდროს მესმოდა ეს,რადგან ვფიქრობდი,რომ წიგნის ყიდვის სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გიჩნდება ადამიანს, თუ მისი შინაარსი გაინტერესებს. თუმცა, ბევრი ადამიანი სწორედ იმის გამო გადაიხდის წიგნში ზედმეტ თანხას,რომ ის ხელმოწერილია  ავტორის მიერ.

სწორედ ეს არის ბრენდი.

„ფოლკსვაგენი“ და „პორშე“, პრაქტიკულად, ერთი და იგივე მანქანა  იყო.

ისინი ერთი და იგივე კომპანიის მიერ იყო დამზადებული, ერთი და იმავე პლატფორმას იყენებდნენ და ერთი და იგივე ნაწილები ჰქონდათ. თუმცა,  მანქანა „პორშეს“ მარკით 8,000 ფუნტით  მეტი ღირდა,  ვიდრე „ფოლკსვაგენი“.

სწორედ ეს არის ბრენდი.

წლების წინ, „ამერიკან ექსპრესმა“ სწორად გამოიყენა ის, თუ როგორ უნდა აღექვა მომხმარებელს მათი ბრენდი. მთავარი მესიჯი ასეთი იყო: : „ამერიკან ექსპრესი: ის იმაზე მეტს ამბობს შენზე, ვიდრე ნაღდ ფულს ოდესმე უთქვამს“

დაფიქრდით, ზუსტად იგივე რაოდენობის თანხას იხდით,თუმცა საკრედიტო ბარათი თითქოს ისეთ თვისებას ატარებს,რაც ნაღდ ფულს არ გააჩნია.

ის თავს გაგრძნობინებს უფრო სანდოდ, საიმედოდ და თავდაჯერებულად.

სწორედ ეს არის ბრენდი

ავტორი: ანა ქავთარაძე