ხანგრძლივი დღის შემდგომ, დახუჭულ თვალებს დილის სუსხი, პასუხისმგებლობის გრძნობა, სამუშაო დღის ენთუზიაზმი და რაიმე პოზიტიური მოვლენის მოხდენის მოლოდინი  მახელინებს. მაშინვე ვწვდები ტელეფონს და დილას არც თუ ისე ჯანსაღად, სოციალური მედიით ვიწყებ.

Detox Tea  საუკეთესო საშუალება ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად; იყავი საკუთარი თავის სრულყოფილი ვერსია!

Fit Tea- 28 დღიანი დეტოქსი! შენი მეგზური სრულყოფილი სხეულის გამოძერწვის გზაზე!

SugarBearHair Vitamins – იმისთვის,რომ გქონდეს სრულყოფილი თმა და კანი!

Victoria Secret  – სრულყოფილი სხეულის ხაზი!

New Balance – ფეხსაცმელი, რომელიც წვავს კალორიებს!

Olay-ს სახის კრემი – რადგანაც ახალგაზრდული კანი, არასდროს გადადის მოდიდან,მოქმედებს როგორც ფოტოშოპი!

FlattummyCo – გახდი! გაძლიერდი! მიიღე შედეგი უმოკლეს დროში!

ბედნიერი, გაღიმებული, საუცხოოდ გამოყვანილი ფორმის ქალები ფოტოებზე. სავსე რეკომენდაციებითა და რჩევებით იმაზე, თუ როგორ გავხდეთ საკუთარი თავის სრულყოფილი ვერსია.

სანამ დღის გეგმის შესრულებას შევუდგები, ერთ შეკითხვას ვუსვამ საკუთარ თავს – რამდენჯერ მოვუტყუვებივართ რეკლამას?

კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თუმცა, საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტი პრინციპულობით ვთხოვ ჭეშმარიტების მოძებნას, რადგანაც ის სფერო, რომელშიც ვმუშაობ, უფრო მეტ კრიტიკულობასა და ანლიზს მოითხოვს ჩემი, როგორც შიდა სამზარეულოს მცოდნე პირისგან.

ვაგრძელებ ყოველდღიურ  რუტინას. რაიმე პოზიტიური მოვლენის მოლოდინი არ მიქრება, ვიცი, რომ დღეს პროდუქტიული და ნაყოფიერი დღე მექნება.

გავიარე სარკესთან, შევჩერდი. ვუყურებ საკუთარ თავს და თითქოს, ამ დროის განმავლობაში, ჩემს ქვეცნობიერს ერთგვარი პლატფორმაც კი მივეცი სასაუბროდ, რომელმაც გამახსენა ფოტოები, სლოგანები, პროდუქტები იმისთვის, რომ 28,25,20 დღეში  მიმიყვანოს იდეალურ, სასურველ ფიზიკურ მდგომარეობამდე.

სახეზეც შევხედე საკუთარ თავს. სინათლის სხივის სისწრაფით ვავლებ პარალელს სოციალურ ქსელში მოცემული მოდელის სახესთან, რომელსაც კანზე ერთი პატარა ასაკობრივი ხაზიც კი აღარ ეტყობა.

საკუთარ თავს ვესაუბრები. აქტიურ დიალოგში ვიწვევ და ვეკითხები – რატომ დავიწყე ასე აქტიურად ამ პროდუქტებზე ფიქრი. რატომ მგონია სადღაც, ქვეცნობიერის ღრმა კუნჭულში, რომ ისინი სრულებით ეფექტურად მოქმედებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ არცერთ რეკომენდატორს არ ვთვლი ავტორიტეტულ ან მისაბაძ პიროვნებად.

პოზიტიური მოვლენის მიმართ დაგროვილი მოლოდინი ნელ-ნელა მავიწყდება. ვიწყებ სრულყოფილებისა და „მისაღები“ სხეულის  თუ ფიზიკურობის გაანალიზებას. ვამჩნევ ჩემსა და სოციალურად დადგენილ ფიზიკურ სტანდარტებს შორის აცდენას. თავში კი, ისევ ზემოხსენებული სლოგანები მიტრიალებენ.

ჯაჭვურად მიჩნდება მეორე შეკითხვა – ამ პროდოქტების გამოყენებით, მივუახლოვდებით, თუ არა  სილამაზის ჩამოყალიბებულ სტანდარტს.

მაფხიზლებს ტელეფონის ზარი. ვიღებ ყურმილს და ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი იწყებს საუბარს:

„ფიტნეს ჩაი გამოვიწერე ერთი კვირის წინ, ინსტაგრამზე ვნახე. 3-4 კილოგრამს მალე დამაგდებინებს-მეთქი, გავიფიქრე. 3 დღეა გული მერევა, თავბრუ მეხვევა და საჭმელს ვერ ვჭამ.“

ფაქტის წინაშე დამდგარმა, გადავწყვიტე მომეძიებინა ყველაფერი კონკრეტულ ფიტნეს, გასახდომ ჩაიზე. პროდუქტი, რომელმაც ჩემი ფიქრები მოიცვა და ჩემს მეგობარს ყიდვისა და გამოყენების გადაწყვეტილებაც კი მიაღებინა, შემდეგი ინგრედიენტებისგან შედგება:

  • ძლიერი ბალახი, როგორიცაა სენა (გამოიყენება შეკრულობის დროს)
  • საფაღარათო საშუალებები ე.წ ლაქსატივი
  • ქიმიკატები, როგორიცაა ეფედრა
  • კოფეინი

დეტოქს ჩაის ინგრედიენტები იმისთვისაა, რომ ენერგია მოგცეთ. მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლას, ხშირად შეიძლება მოჰყვეს მცირედი წონის დაკლება.

მაგრამ ის, რასაც კარგავ, ძირითადად, წყალია.

ჩაი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ თქვენი წონის კლების დაჩქარებას (მაგალითად, ეფედრა), ხოლო  გვერდითი ეფექტები ინგრედიენტების მიხედვით შეიძლება იყოს შემდეგი:

  • თავის ტკივილი
  • ნერვიულობა/ოფლიანობა
  • უძილობა
  • გულის შეტევები
  • ინსულტები
  • კრუნჩხვები
  • სიკვდილი

არცერთი მსგავსი პროდუქტი არ არის FDA (Food And Drug Administration)-ის მიერ დამტკიცებული.

რა არის ცრუ მარკეტინგი, სად შეიძლება სარეკლამო სფეროში დეზინფორმაცია აღმოვაჩინოთ?

ცრუ მარკეტინგი, ან False Advertising, როგორც სტანდარტულად უწოდებენ, არის მცდარი ინფორმაციით პოპულარიზებული ბრენდისა თუ პროდუქტის, კომპანიის პრომოციის ერთ-ერთი საშუალება. მატყუარა მარკეტინგმა შეიძლება შეგიყვანოთ რამდენიმე სახის შეცდომაში:

  • მოგატყუონ პროდუქტის ფასის შესახებ
  • მოგატყუონ პროდუქტის ხარისხის შესახებ
  • მოგატყუონ პროდუქტის ბენეფიტების/ფუქნციების შესახებ

ჩვენ, მარკეტერები ადამიანების ემოციურ წერტილებს ვეძებთ. იმ წერტილებს, რომლებშიც რაღაც კონკრეტული ემოციის ხარჯზე მოხდება პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილების მიღება.

ვცდილობთ მომხმარებელთა ქცევას სასურველ შედეგამდე, ანუ ყიდვამდე გავუკეთოთ მანიპულაცია.

ვქმნით მესიჯებს, სლოგანებს – მხოლოდ ქმედებისკენ მოვუწოდებთ ადამიანებს, იმავდროულად,ზუსტად ვიცით ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, ჩვენი სამიზნე აუდიტორია.

ვიცით, რომ პროცენტულად მეტი ადამიანი იწყებს დილას სოციალური მედიით – იქ ვანთავსებთ ყველაფერს – ყველა კლიპს, პოსტერს, Influencer-ებს ვთხოვთ დახმარებას, რათა პროდუქტი მეტად ვალიდური, ან სანდო გამოჩნდეს.

*ფოტოზე მოცემულია Kim Kardashian (192 მილიონი მიმდევარი ინსტაგრამზე) Khloe Kardashian (123 მილიონი მიმდევარი ინსტაგრამზე). ისინი იღებენ ბრენდებისგან პროდუქტებს და ანთავსებენ საკუთარ პლატფორმაზე, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ.

ეს ჩვენი პროფესიაა. სწორედ, ეს არის მარკეტინგი. ის, რაც გვაიძულებს პროდუქტის ან მომსახურების ყიდვას. მარკეტინგში, ისევე როგორც სიყვარულში და ომში, ყველაფერი სამართლიანია. იმისათვის, რომ გავლენა მოახდინონ ჩვენი ყიდვის გადაწყვეტილებებზე, მარკეტერებმა შეიმუშავეს რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ტექნიკა, რომლებიც ზოგჯერ გულისხმობს მცირე მანიპულირებას, რომელიც პროდუქტის ყიდვაში დაგარწმუნებთ.

როგორ მანიპულირებენ მარკეტინგით?
ემოცია

ბრენდებს უყვართ საკუთარი თავისა და პროდუქტის ემოციურ ჭრილში გადმოცემა. ამით ყველაზე მეტად უკავშირდებიან მომხმარებელს. ქმნიან ისეთ რეკლამას, სლოგანს,მესიჯ ბოქსს, რომელიც მორგებული იქნება შენზე და ხანდახან, ისეთი შთაბეჭდილებაც დაგრჩება, თითქოს, პერსონალურად შენ გესაუბრებიან, შენს აზრებს კითხულობენ. შენს კომპლექსებსა თუ პრეტენზიებს საკუთარ თავთან ან სხვებთან ირეკლავენ და გიმართლებენ ამ ყოველივეს.

ექსპერტების აზრი

ინფლუენსერები, ექსპერტები, რეკომენდატორები. ხშირად შეგვხვედრიან სატელევიზიო, თუ ციფრულ სამყაროში.  ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრსა და გამოცდილებას გვიზიარებენ პროდუქტის შესახებ. ემოციური გამოსვლით ხაზს უსვამენ პროდუქტის ფუნქციებს იმას, თუ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოს მან.

მაშინაც კი, როცა რეალურად არ გვჯერა  იმის, რომ ლეო მესიმ შეიძლება ყოველდღიურად, ან იშვიათად მაინც, „ჩიფსი“ მიირთვას, მის თაყვანისმცემელს ან უბრალოდ, ადამიანს, რომელსაც გაუგია მისი არსებობის შესახებ, შეიძლება მოუნდეს ზუსტად მისი გადაწყვეტილების დაკოპირება.

პრომოუცია

„შავი პარასკევის“ შემდგომ ეს თემა კარგი განსახილველია. ყველას გვიყვარს ფასდაკლებები, ახალი შეთავაზებები ბრენდებისგან, თუმცა, ხშირად ხდება ჩვენი მანიპულირება ამ მხრივაც. ხშირად უამრავი ბრენდი უშველებლად ზრდის ფასს პროდუქტებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლების სეზონისთვის თავდაპირველ ფასზე დაიყვანონ, ხოლო ჩვენ დიდი, წითელი ასოებით -50%-იანი ფასდაკლება შემოგვთავაზონ.

როგორ უნდა მოვახდინოთ ცრუ რეკლამის იდენტიფიცირება?

  • პროდუქტზე მოცემულია ბუნდოვანი ინფორმაცია, არ არის დაზუსტებული ფასი, ფუნქცია ის მონაცემები, რომელიც მომხმარებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
  • პროდუქტის სლოგანი, მესიჯ ბოქსები ხმაურიანია, გაზვიადებული. შესამჩნევი გაზვიადება და დაპირებები პირველი გამაფრთხილებელი ნიშანია ცრუ რეკლამის.
  • გაანალიზეთ სრულყოფილება – პროდუქტის,ან ბრენდის კამპანიის ფარგლებში შექმნილი ფოტოები,  პოსტერები, ვიდეოები, რამდენად შეესაბამება რეალობას?

თითქოს, ფიქრების ბურუსიდან გამოვდივარ. საკუთარ თავს შეკითხვას აღარ ვუსვამ. ვიაზრებ იმას, თუ რამდენ ადამიანს მოუწია მსგავსი გამოცდილების ქონა. რამდენი ეყრდნობა მატყუარა ბრენდებს და მათ პროდუქტებს. პროდუქტს, რომელიც ჯანმრთელობისთვის უკიდურესად მავნებელია. ბრენდები, რომლებიც ხანდახან თვითშეფასებას გვიკნინებენ, ცდილობენ მოგვაწოდონ, მოგვყიდონ ის იმიჯი, რომელიც მათ პროდუქტს გაყიდის.  

ჩვენ, როგორც მომხმარებელი კი მუდამ ინფორმირებულები უნდა დავხვდეთ მსგავს მანიპულაციას. გავეცნოთ, რას, როგორ და ვისგან ვყიდულობთ.

ჩემი გამოტანილი დასკვნა ჩემს მეგობარს გავუზიარე. ყველა მარკეტერი და სფეროში მომუშავე გამოგვლანძღა. დიდხანს ვუხსნიდი, რომ მსგავს ტყუილს არაეთიკური რეკლამა ჰქვია და „ყველა მარკეტერი, თუ ბრენდი ერთნაირი არ არის“.

საუბარი დავასრულეთ. მე ჩემი საქმე გავაგრძელე და ქვეცნობიერს სასაუბრო პლატფორმა ჩამოვართვი.

შემდგომ მივხვდი, რომ პოზიტიური მოვლენის მიმართ მოლოდინი ტყუილად არ მქონია.

არც ის მეგონა ამაოდ, რომ ეს დღე პროდუქტიულად და ნაყოფიერად ჩაივლიდა.

სწორედ ასეც მოხდა.

 

ავტორი: მარიამ ანდრიაძე