რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულმა შეზღუდვებმა ორგანიზაციების საქმიანობასა და საკომუნიკაციო აქტივობებზე? რა პრიორიტეტების მიხედვით ჩამოყალიბდა მათი საკომუნიკაციო ამოცანები და რა სახის ცვლილებები განიცადა კომპანიების მარკეტინგულმა აქტივობებმა, ამ საკითხებით პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია, „ჯეპრა“ დაინტერესდა და კითხვებზე საპასუხოდ 56 კომპანია გამოიკითხა.

იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომელთა საქმიანი აქტივობა პრაქტიკულად სრულად შეჩერდა არ აღემატება 18%-ს და ისინი თითქმის ძირითადად ტურისტულ და ჰორეკა სექტორს წარმოადგენენ. ორგანიზაციების ძირითადი ნაწილის საქმიანობა მნიშვნელოვნად (41,1%) ან მცირედით შემცირდა (30,4%).

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის საქმიანი აქტივობა შემცირდა, მოცემული ეტაპისთვის ეს უმეტესად არ ასახულა თანამშრომელთა ანაზღაურებაზე. თანამშრომელთა ნაწილი მაინც დაითხოვა მხოლოდ გამოკითხული ორგანიზაციების 1,8%-მა.

კითხვაზე პასუხი, თუ ახლა რა მიზანი აქვს კომპანიას, გამოკითხულთა უმეტესობა, 54.5% თვლის რომ მოცემულ პერიოდში საჭირო იყო აქტივობის შენარჩუნება, ასევე ორგანიზაციების დაახლოებით 50%-ის წარმომადგენლებს აქვს გარკვეული წარმოდგენა თუ რა პერიოდის განმავლობაში აღდგება მოთხოვნა მათ პროდუქტსა თუ სერვისზე. მ.შ. რესპონდენტების 19,6 %-ის აზრით მოთხოვნა აღდგება 2-3 თვის, ხოლო 23,2 %-ის აზრით 4-6 თვის განმავლობაში. 28,6 % აღნიშნავს რომ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ვარდნა არ მომხადარა.

 

 

რესპონდენტების 1.8% პროგნოზირებად მომავალში მოთხოვნის აღდგენის შესაძლებლობას ვერ ხედავს. რესპონდენტთა 14,3%-ს უჭირს პროგნოზის გაკეთება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში ორგანიზაციების საკომუნიკაციო პრიორიტეტებს შორის გამოვლინდა 3 ძირითადი ამოცანა:
  1. ბიზნეს კავშირების შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  2. ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციების პროდუქტების და სერვისების შესახებ;
  3. თანამშრომლების ინფორმირება და მოტივირება.

რაც შეეხება მარკეტინგული აქტივობების განხორციელების სტრატეგიას, ორგანიზაციათა ყველაზე დიდი ნაწილი, 42,1%, აპირებს ახალი გეგმის მომზადებას და ბიუჯეტის შესაბამისად კორექტირებას. თანაბარია იმ ორგანიზაციათა რაოდენობა, ვინც შეამცირა აქტივობები და შესაბამისად ბიუჯეტი ან აქტივობები ძირითადად შეინარჩუნა და მათ განხორციელებას სხვა პერიოდში გეგმავს.

 

კრიზისული პერიოდის გათვალისწინებით საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ორგანიზაციების ნახევარზე მეტი ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან ან ბიზნეს გაერთიანებების მეშვეობით. მხოლოდ 15,1 % თვლის რომ ორგანიზაცია არ საჭიროებს რაიმე სახის დახმარებას.

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით გაიზარდა ონლაინ არხების მნიშვნელობა, ორგანიზაციის სოციალური მედიის არხები, ვებ-გვერდი და ონლაინ პლატფორმები ინფორმაციის გავრცელების ძირითად საშუალებად იქცა.

სრული კვლევის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2Mv0EEi