უპრიანი შეიქმნა მათთვის, ვინც დასაქმებულია სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, ვინც საკუთარ თავს მომავალში ამ სფეროში  ხედავს და უბრალოდ მათთვის, ვისაც სურს სამყაროში ცვალებად ტენდენციებს ფეხდაფეხ მიყვეს.

ყველაფერი დაიწყო ასე: საქართველოს უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი სულ 1 კვირის დამდგარი იყო და წინ გრძელი, დატვირთული 4 თვე გველოდა. ყველას გვინდოდა სიახლე, რომელიც სტიმულსა და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემდა.

ჩვენთვის საყვარელმა ლექტორმა, ლელი ბიბილაშვილმა გვითხრა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების  საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას დამაარსებელი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი უნივერსიტეტში შეხვედრას აწყობდა. 710-ე აუდიტორია  გადაჭედილი იყო. ბევრი სტუდენტი ფეხზე იდგა. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ეს თვეები  ყოველი ჩვენგანისთვის იყო ახალი თავგადასაველბისა და გამოცდილების დაგროვების  დრო,  მაგრამ არც ისე მარტივი, როგორც მაშინ 710-ე აუდიტორიაში შეკრებილებს გვეგონა.

პირველი სირთულე იყო ჩვენი ფასეული შეთავაზების განხილვა – იმის მოფიქრება,  თუ ვინ ვიყავით ჩვენ და  რა გვინდოდა გვეთქვა, ისეთი, რაც აქამდე არავის უთქვამს. სტრატეგიულ კომუნიკაციებზე ვსწავლობდით, ვიცოდით, რომ არავინ მოგვისმენდა, თუ რაიმე ახალსა და საინტერესოს არ ვიტყოდით. ზუსტად ამიტომ შეგვარქვა სოსო გალუმაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციების ახალი არქიტექტორები. ჩვენი ფასეული შეთავაზებაც ამის მიხედვით გამოვძერწეთ:

ჩვენ ვცვლით თამაშის წესებს. კომუნიკაციის სპეციალისტების, ყველა თაობის საუკეთესო პრაქტიკების, ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილების გაერთიანებით, უნიკალური ცოდნისა და სანდო ინფორმაციის გავრცელებითა და მოწინავე სტანდარტების დამკვიდრებით.
ამბიციურად ჟღერს ხომ?  – ამბიცია ის ძალაა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და რომლითაც კიდევ ბევრი  კარგი რაღაცის  ჩადენას ვაპირებთ.

მეორე  სერიოზული ბრეინშტორმინგი საიტის სახელთან დაკავშირებით მოგვიხდა: ყველას ჩვენი აზრი გვქონდა და გამალებულები ვიცავდით პოზიციებს.  საბოლოოდ კი, შევჯერდით სახელზე, რომელიც მრავალ ვერსიათაგან უპრიანი იყო და ყველაზე უკეთ გამოხატავდა ჩვენს საქმისადმი მიდგომას.

ჩვენი საიტი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს:  ვეცდებით არ დაგტოვოთ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მომხდარი საინტერესო მოვლენების მიღმა. გვინდა გაგაცნოთ პიარპერსონები – ადამიანები, რომლებზეც დამყარებულია კომუნიკაციების სფერო და რომლებისგანაც ბევრს ვისწავლით. ბლოგების ნაწილში სიახლეებთან ერთად ჩვენი, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს სტუდენტების აზრებსა და შემოქმედებით უნარსაც გაეცნობით. თანამედროვე კომუნიკაციები კვლევების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე სხვადასხვა აქტუალურ თემებზე უახლესი კვლევების შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.

და ბოლოს,  კომუნიკაციების სფეროს სტუდენტებისთვის და არამარტო მათთვის, ნაცნობი პრობლემაა ამ სფეროს უცხოური ლიტერატურა, რომელიც ქართულად არ მოიპოვება, ან არასაკმარისად ხარისხიანადაა ნათარგმნი. ჩვენ შემოგთავაზებთ ქართულ ენაზე ნათარგმნ ლიტერატურას, რომელიც  დაგეხმარებათ ღრმად ჩაყვინთოთ კომუნიკაციების ოკეანეში და ახალ-ახალი საგანძურები აღმოაჩინოთ.

მადლობა  ჯეპრას, სოსო გალუმაშვილსა და მის კონსულტანტებს, რომლებმაც იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისა და უნივერსიტეტის  თანამშრომლობა  და სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, სოციალურ მეცნიერებათა სკოლასა და  ჩვენს  ლექტორებს, რომლებიც არასდროს გვტოვებენ კარიერული შესაძლებლობების მიღმა.

ამჟამად აქტიურად ვწერთ  ბლოგებს, სტატიებს, ვმუშაობთ სიახლეების მიმართულებაზე, ინოვაციურ მოდელებსა და პრაქტიკებზე, რომელიც  მსოფლიოში ინერგება და საქართველოსთვის სიახლე იქნება, ვატარებთ ინტერვიუებს საკომუნიკაციო სფეროს სპეციალისტებთან.

გვსურს, პირველ რიგში, საკუთარ თავებს და შემდეგ თქვენ დაგიმტკიცოთ, რომ  შეგვიძლია საკომუნიკაციო სფეროში ცვლილებების გამოწვევა.

ჩვენ სტრატეგიული კომუნიკაციების ახალი არქიტექტორები ვართ!