Burger King -მა ახალი რეკლამა გამოაქვეყნა. სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ამ გზით ცდილობს გაზარდოს თავისი მობილური აპლიკაციის მოხმარება და ამასთანავე, ხელი შეუწყოს მომხმარებლებს, დარჩნენ სახლში კორონავირუსის პანდემიასთან განსამკლავებლად.

რეკლამაში კომპანია თავისი სახეცვლილი თაგლაინით – “Stay Home of the Whopper” მოუწოდებს მომხმარებლებს, გახდნენ  პატრიოტები სახლიდან, დაემორჩილონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემულ მითითებებს, განახორციელონ შეკვეთები სახლიდან გაუსვლელად და ასე გამოხატონ მხარდაჭერა ჯანდაცვის პერსონალის მიმართ.

რეკლამა ასახავს, თუ რამდენად მარტივია ამ დროს გახდე „გმირი“. ამისთვის საჭიროა მხოლოდ დარჩე სახლში, შენს დივანზე და განახორციელო შეკვეთა მობილური აპლიკაციით. თავის მხრივ, შეკვეთების გაზრდის ხელშესაწყობად, Burger King უარს ამბობს მიტანის მომსახურების გადასახადზე იმ შეკვეთებისთვის, რომელთა ღირებულებაც 10 დოლარს აღემატება.

გარდა ამისა, სწრაფი კვების ქსელი ორგანიზაცია – American Nurses Foundation-ის დახმარებით ექთნებისთვის დონაციის სახით 250,000 ბურგერს გასცემს. ორგანიზაცია გაავრცელებს სპეციალურ კოდს, რომელსაც ექთნები გამოიყენებენ Burger King-ის აპლიკაციიდან შეკვეთისას. კომპანიის ახალი რეკლამა ასევე, ასწავლის თავის მომხმარებელს, როგორ გადარიცხონ თანხა American Nurses Foundation-ის კორონავირუსის საპასუხო ფონდში, მოკლეტექსტური შეტყობინების – THANKS, ნომერზე – 20222 გაგზავნით.

Ace Metrix-ის ბოლოდროინდელი მოხსენების თანახმად, დადგინდა, რომ მომხმარებელთა 84%-ის აზრით ბრენდები უნდა იჩენდნენ გასაკუთრებულ პასუხისმგებლობას ამ პერიოდში, მომხმარებლები დადებითად რეაგირებენ იმ რეკლამებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ეხმაურება.

აქედან გამომდინარე, პროაქტიული პოზიციის დაკავებას შეუძლია ბრენდის მიმართ დადებითი ასოციაციები გამოიწვიოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც კომპანიები შემოსავლების ვარდნას ხედავენ.

კამპანიის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაში დანახარჯებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათზე მოდის კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდი წილი. მოზარდები, რომლებიც თავისი შემოსავლის დაახლოებით 25%-ს საკვებზე ხარჯავდნენ, პანდემიის პერიოდში ბიუჯეტს უფრო მკაცრად ანაწილებენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში, წლიური აღრიცხვის თანახმად, დანახარჯები 13%-ით დაეცა, 4%-ით – 17 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდში, რაც 2011 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლოდროინდელმა მარკეტინგულმა ძალისხმევამ Burger King-ს მისცა შესაძლებლობა, გაეზარდა თავისი მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვის რაოდენობა, იმ დროს, როცა ობიექტებზე სტუმრობის რიცხვი მინიმუმამდეა შემცირებული.

დელივერის მომსახურება საშუალებას აძლევს ბრენდს, გაყიდოს პროდუქცია შეუფერხებლად და ამასთანავე, უზრუნველყოს თავისი თანამშრომლების უსაფრთხოება პანდემიის პერიოდში, სოციალური დისტანციის ნორმების დაცვით.

ავტორი: სალომე ქვრივიშვილი