არაერთი კრიზისი გვინახავს, თუმცა დიდი ხანია არ ვყოფილვართ მსგავსი კრიზისის მომსწრე, რაც COVID19-მა გამოიწვია. ასეთ რთულ დროს კი ძალიან ბევრი კომპანია ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე ცდილობს წარმართოს ამ გამოწვევის საპასუხო ნაბიჯები და კომუნიკაცია.

ამ სტატიაში მოცემულია რჩევები, თუ როგორ ვმართოთ კომუნიკაციები მიმდინარე კრიზისის დროს და შემდეგ, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საკომუნიკაციო მესიჯები შიშის ნაცვლად თანაგრძნობისკენ არის მიმართული,  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთგვარი რუკაა, რომელიც ამ კრიზისიდან შედარებით მარტივად გამოსვლაში დაგეხმარებათ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ინდუსტრიაში საქმიანობთ.

რაც ყველაზე მთავარია – „თანაგრძნობა“ არის ის სიტყვა, რომლისკენაც უნდა იყოს ყველა ჩვენი ქმედება მიმართული.

–ხალხს სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, მაგრამ როდესაც ამის დრო დადგება, რეალურად, არც ისე მარტივი იქნება. ყველა მენეჯერი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ დროისთვის საჭირო იქნება გამოვხატოთ იმაზე მეტი თანაგრძნობა ჩვენი მომხმარებლის მიმართ, ვიდრე ოდესმე. შეარჩიეთ თბილი, მზრუნველი ტონი და ეცადეთ, დაამშვიდოთ მომხმარებელი. მანამდე კი მოხსენით შეზღუდვები, სადაც შესაძლებელია, გაეცით სასაჩუქრე სერთიფიკატები, გააუქმეთ გამოწერის აუცილებლობა და სხვა.

–ნუ გადაღლით თქვენს მომხმარებლებს ყოველდღიურად უმნიშვნელო მესიჯებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გონებაში დარჩეთ. მესიჯების გაზიარება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს კომპანიას მართლაც აქვს მნიშვნელოვანი სათქმელი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ პერიოდში გადაჭარბებულ კომუნიკაციას აწარმოებთ, მომხმარებელს შესაძლოა გამორჩეს მნიშვნელოვანი შეტყობინებები იმ დროს, როდესაც თქვენს ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდებით.

–საკომუნიკაციო თვალსაზრისით მესიჯი უნდა იყოს მკაფიო: ჩვენ ახლა გლობალურ კრიზისში ვიმყოფებით, ამიტომ გვიწევს მივიღოთ დამატებითი ზომები თქვენივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. თუ თქვენ ახალი შეთავაზებები გაქვთ გაცემული მითითებებისა და გაჩენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დარწმუნდით, რომ ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ არის ინფორმირებული. გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენი ვებ საიტისა და მისი შინაარსის გადასახედად. გადაამოწმეთ, რომ თქვენი სამოქმედო გეგმა გასაჯაროებულია ვებ საიტსა თუ სოციალურ მედიაში, და რომ თქვენმა ერთგულმა მომხმარებლებმაც მიიღეს შესაბამისი მეილები.

–იფიქრეთ იმაზე, თუ როგორია თქვენი მიმდინარე მესიჯები და მზად იყავით, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო შესაძლოა მათი გადახედვა გახდეს საჭირო. მესიჯები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გამართლებული იყო, შესაძლოა, დღეს აღარ ამართლებდეს, ამიტომ თვალი ადევნეთ ყოველდღიურ სიახლეებს და იმოქმედეთ შესაბამისად.

–დარჩით მუდმივ კონტაქტზე თქვენს თანამშრომლებთან, იმისთვის, რომ აკონტროლოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამასთანავე, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოთ დროული ინფორმაცია, რაც შეიძლება გქონდეთ სამუშაოების აღდგენის თაობაზე.

–დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი თანამშრომელი ინფორმირებულია, თუ რა დამატებითი ზომებია მისაღები მომხმარებლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. გამართეთ შეხვედრა და გადაამოწმეთ, რომ თითოეული თანამშრომელი შეთანხმებულია და იცის, რა შესაბამისი მესიჯები უნდა მიაწოდოს მომხმარებელს, მას შემდეგ, რაც ბიზნესი სამუშაოებს დაუბრუნდება.

–დღესდღეობით პირბადე უსაფრთხოებისთვის აუცილებელ საჭიროებად იქცა და როდესაც ბიზნესი მუშაობას განაახლებს, ჩვენ ვიხილავთ კომპანიებს, რომლებიც პირბადეებს საკუთარი ლოგოებით დაბრენდავენ. კომპანიის მესიჯები ბაზარზე დაბრუნებისთანავე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, რომ პირბადეებისა თუ სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებით შეაშინებთ თქვენს მომხმარებელს. პირიქით, ისინი დააფასებენ ამ ქმედებას.

და ბოლოს, დაიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რა მდგომარეობაში წარსდგება თქვენი ბიზნესი კვლავ ბაზარზე, როდესაც ყველაფერი განახლდება და ჩვენს ახალ რეალობას დავუბრუნდებით.

ავტორი: სალომე ქვრივიშვილი