საიმონ სინეკი ამერიკელი მწერალი და სამოტივაციო სპიკერია. იგი ხუთი წიგნის ავტორია, რომელთაგან ერთ-ერთი „პირველად იყო რატომ“,  ქართულ ენაზე ითარგმნა სერია „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში. მან გვასწავლა, რომ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოტივაცია გაუჩინონ თავიანთ თანამშრომლებს თუკი ისინი საუბარს დაიწყებენ სიტყვით „რატომ“. ამ სტატიაში კი ის სამ მთავარ ქმედებას გვასწავლის, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ლიდერებმა კოვიდის დროს.

1.გააძლიერეთ „კარგი ლიდერის“ მნიშვნელობა.

ადამიანების ინსტინქტები გაძლიერდა პანდემიის დროს. აქამდე ვიღაც ითვლებოდა კარგ ლიდერად, ვიღაც კი – ცუდად. მიუხედავად ამისა, კოვიდის პირობებში, ყველა მათგანმა ტელეფონი აიღო და დაიწყო რეკვა თანამშრომლებთან იმის გასაგებად, კარგად იყვნენ თუ არა ისინი. ასევე, მოძრაობა Black Lives Matters-ის დროს, ანალოგიურად, განურჩევლად ლიდერობის ხარისხისა, მათ აიღეს ტელეფონები და თავიანთ აფრიკელ კოლეგებს დაურეკეს, რომ გაეგოთ ხომ არ სჭირდებოდათ საუბარი, როგორ იყვნენ და ა.შ.

სასაცილოა ის, რომ სწორედ ესაა კარგი ხელმძღვანელობა. თუმცა, ჩემი კითხვა ასეთია: აქამდე რატომ არ აკეთებდნენ ამას? როცა ვინმე რთულ პერიოდს გადიოდა, ყვირილის და ჩხუბის მაგივრად რატომ არ ურეკავდით, ეკითხებოდით როგორ იყო? რატომ არ ურეკავდით, უბრალოდ, რომ გეკითხათ მათი ამბავი. აი, სწორედ  ეს ნიშნავს კარგ ლიდერობას.

ასე რომ, უამრავი ადამიანის ინსტინქტი გაძლიერდა ასეთი მოვლენების დროს. შესაბამისად, გააგრძელეთ ასეთი ლიდერობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების მუშაობის ხარისხისა და მათი შედეგების გარდა, მათივე კეთილდღეობა უნდა გაითვალისწინოთ.

2.თქვენ მაგივრად, მომხმარებლები დააყენეთ წინა პლანზე.

კომპანიები, რომლებიც რთულ გზას გადიან, რომ შეინარჩუნონ თავისი ადგილი და მნიშვნელობა,  საკუთარ თავს აყენებენ ცენტრში. ფიქრობენ, – „როგორ შეიძლება ვიშოვოთ ფული? ან „როგორ გადავარჩინოთ საკუთარი თავები?“ კომპანიები, რომლებიც ამ პერიოდში კარგად უმკლავდებიან საკუთარ საქმეს, მომხმარებლებს აყენებენ ცენტრში. თავად კი,  მათ გარშემო ბრუნავენ.

მოგიყვანთ ჩემს საყვარელ მაგალითს. ჩიკაგოში არის ასეთი ადგილი, სახელწოდებით Dimo’s Pizza, რომელიც პიცას ნაჭრებად ყიდის და ამით იღებს შემოსავლის 70%-ს. კოვიდის დროს აღმოაჩინეს, რომ სახლში მიტანის სერვისის შესაბამისად არ იყვნენ აღჭურვილნი. სხვა ბევრი პიცერია იფიქრებდა მხოლოდ ერთი კუთხით, რომ მათ აქვთ პიცის ღუმელი, რომელსაც მხოლოდ მის გამოსაცხობად იყენებენ. თუმცა, Dimo’s Pizza-მ აღმოაჩინა, რომ ამ ღუმელს შეეძლო ჩვეულებრივზე სწრაფად გახურება და სამრეწველო პლასტმასის ე.წ. დამორჩილება, მისგან სხვადასხვანაირი ფორმის შექმნა. მათ დაიწყეს ასეთი პლასტმასის შეძენა და სამედიცინო პერსონალისთვის ფარების დამზადება, რაც შემდეგ პიცის ყუთის საშუალებით მიჰქონდათ.

ნამდვილი ინოვაცია ის კი არ იყო თუ რისი გაკეთება შეეძლო პიცის ღუმელს, არამედ ის, თუ რა იყო საჭირო ღუმელს რომ შეექმნა. ეს ადამიანებზეც ასეა, არ უნდა დავსვათ კითხვა არასწორი ფორმულირებით: „მე ბევრი ჭკვიანი თანამშრომელი მყავს, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ?“ უნდა ვიკითხოთ „ რა შეუძლიათ ჭკვიან ადამიანებს გააკეთონ, როდესაც მათ ჩვენს მოხმარებელზე ორიენტირებულ პრობლემას მივცემთ?“

ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ორგანიზაცია ცენტრში და  ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გადავრჩეთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს მოხმარებლის საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, რაიმე ახლის შეძენა კი არ გვჭირდება, არამედ არსებულის გამოყენება.

3.არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილია თქვენი ინდუსტრია ან კომპანია, თქვენ სტარტაპი ხართ.

კომპანიები, რომლებიც ცდილობენ თავად იყვნენ პრობლემის ცენტრში, ყოველთვის აკეთებენ იმას, რაც აქამდე უკვე ყოფილა. კომპანიები, რომლებიც სწორად მოქმედებენ ამბობენ, რომ აუცილებელია ძველი ჩანაწერების გადაგდება და ყველაფრის ახლიდან დაწყება ისე, თითქოს სტარატაპი ვართ. სწორედ ამიტომაა, რომ „ტესლა“ არა ყველა  საავტომობილო კომპანიას, არამედ მხოლოდ ელექტრომობილისას უსწრებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ავტომობილების კომპანიები წინ არიან, რადგან იციან მანქანების აწყობა. თუმცა, სწორედ ესაა პრობლემა. ისინი იღებენ იმას, რაც უკვე იციან და ცდილობენ შექმნან ელექტრომანქანა. „ტესლამ“ ნულიდან დაიწყო და თქვა – „ჩვენ არ ვიცით როგორ გავაკეთოთ მანქანა, რას ვიზამთ თუ ახლიდან დავიწყებთ? და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, რომ იგი ხუთი წლით უსწრებს ყველას.

ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ორგანიზაციის სათავეში არიან, აკეთებენ იმას, რასაც ოცი წლის განმავლობაში ასრულებდნენ. თუმცა,  დროა მათ ვუთხრათ – „გასაგებია, ვიცით, თუმცა უნდა შეწყვიტოთ ამის კეთება.“

 

ავტორი: ანა ქავთარაძე